რეჟიმმა აქციის მონაწილეების თვალთვალი ახალ სიმაღლეზე აიყვანა - მტკიცებულებები
დასტურდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი დემონსტრანტებს უთვალთვალებს არა მხოლოდ სუს-ის მეშვეობით, არამედ ე.წ. ჭკვიანი კამერების დახმარებითაც. აკონტროლებენ მიმოწერებს, კითხულობენ დოკუმენტებს, რაც ხელში გიჭირავთ და ნახულობენ ატრიბუტებს, რაც აქციაზე გაქვთ მიტანილი. ამას მოწმობს რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს გადაღებული სათვალთვალო კადრებიც - ირღვევა მოქალაქის უფლებები, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება.
მოქალაქის გადაადგილებას ე.წ. ჭკვიანი კამერა აფიქსირებს - კადრი მაღალი გარჩევადობისაა, კამერა მისი გადაადგილების მარშრუტს რამდენიმე წუთის განმავლობაში მიყვება, კამერა აქცენტს აკეთებს სწორედ იმ დოკუმენტზე, რაც მომიტინგეს ხელში უკავია - მიახლოების შემდეგ კი მარტივია ტექსტის წაკითხვაც. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ მომიტინგე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდია ეიდისის“ ტრენინგ მასალას კითხულობს, რომელიც სოციალურად დაუცველთა და შშმ ბავშვებთან კომუნიკაციას და ქცევის კონტროლს ეხება. მიზნობრივი თვალთვალის მსხვერპლმა არ იცის, რომ მის დოკუმენტს კითხულობენ.
ეს არის ერთი შემთხვევა, რომლის ჩანაწერიც სასამართლო პროცესების დროს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ მომიტინგეების მიმოწერებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში იყოს.
დემონსტრანტები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერებით ხდებოდეს მათი მიმოწერის ნახვაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან და მიმდებარე ტერიტორიაზე დასამონტაჟებლად ე.წ. ჭკვიანი კამერები წინა წელს დაამატა. მწარმოებელი ამერიკის მიერ დასანქცირებული ჩინური კომპანიაა. დასანქცირების მიზეზი სწორედ ჩინეთის მთავრობის მხრიდან ტოტალური კონტროლის შედეგად დაწყებული რეპრესიები გახდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.