"კრემლის ჩარევა არჩევნებში" - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში საქართველოსაც ახსენებს
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტში წერია, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაძლიერდეს და კიევის მხარდაჭერა რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს.
ფრანგი კანონმდებლები გამოდიან ინიციატივით, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სამხედრო მიზნებსა და ქვეყნის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.
- რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, NATO-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისთვის.
დოკუმენტში "რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ - კიბერთავდასხმების, კორუფციისა და დეზინფორმაციის ან პროპაგანდისტული კამპანიის სახით" დაგმობილია.
რეზოლუციაში საქართველოც არის ნახსენები. კერძოდ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფრანგი კანონმდებლები კატეგორიულად ემიჯნებიან კრემლის ჩარევას ევროკავშირსა და მის სამეზობლოში, განსაკუთრებით კი მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში.