პაპუაშვილი EU-ს ელჩის წინააღმდეგ: თავი გენერალ-გუბერნატორები ჰგონიათ, კლასის დამრიგებლად არის აქ დანიშნული?
ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებზე მიტანილი იერიში შალვა პაპუაშვილმა გააგრძელა.
"ქართული ოცნების" ლიდერი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობაში ადანაშაულებს.
"აქ ჩამოდიან და თავი გენერალ-გუბერნატორები, მთავარმართებლები ჰგონიათ" - ამბობს შალვა პაპუაშვილი, რომელიც ასევე ირწმუნება, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ქვეყნის შიდა "საქმეებში ერევიან".
პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მიმართვები, აქცენტები. ხან თხრობით, ხან ლექსებით რომ გველაპარაკებოდა. ის ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. უბრალოდ უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. არ ვართ მეორე ხარისხოვანი ქმნილებები. აქ არავინ არ არის ჩამოსული როგორც ზედამხედველი და გენერალ გუბერნატორი.
აქ ჩამოდიან და თავი გენერალ-გუბერნატორები, მთავარმართებლები ჰგონიათ და იმხელა აღმოჩენაა, თუ როგორ გაბედა ქართველმა პოლიტიკოსმა, სიტყვა შეუბრუნა და უთხრა, რომ ამ ქვეყანაში მათი გადასაწყვეტი არ არის ყველაფერი. ვინმე კლასის დამრიგებლად არის აქ დანიშნული?
ევროკავშირი ჩვენს პროგრესს აფასებს შესაბამისი დოკუმენტებით. მათ შორის, ყოველ წელს, ოქტომბერს ქვეყნდება ამგვარი დოკუმენტები. დღემდე აიღეთ ნებისმიერი შედარება საქართველოსი კანდიდატ ქვეყნებთან... ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ევროკავშირის 13 წევრ ქვეყანას ვუსწრებთ. აბა გამოიცანით რამდენ კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ, ყველას.
ელჩებს თავი მოაქვთ როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელები. მათთვის არავის მიუცია უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, დაუბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებს". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ელჩების წინააღმდეგ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. "ქართული ოცნების" ლიდერმა დიპლომატები ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ელჩები საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევიან.