ერთობა სალომე ზურაბიშვილის გარშემო - რა გეგმა აქვს პროდასავლურ ოპოზიციას
რა გეგმა აქვს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს? კითხვას პასუხი 31 მარტს საპროტესტო აქციაზე გაეცემა. "პირველების" ინფორმაციით, ამ დღეს სალომე ზურაბიშვილის გვერდზე პროდასავლური ოპოზიციის ის ლიდერები იდგებიან, ვინც ერთიანი ფრონტის ფარგლებში აპირებენ, ქვეყანა ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანონ. ცნობილია, რომ პროდასავლური ძალები ზურაბიშვილთან ერთად დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს შეხვდებიან და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ წინ მნიშვნელოვანი ბრძოლაა და ამ როლს პროდასავლური ძალები სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად შეასრულებენ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ერთიანობის ნიშვნელობაზე საუბრობს.
როდესაც რუსეთის სპეცსამსაურების მიერ ზურგგამაგრებულ ავტოკრატს უპირისპირდები, აუციელებლია კოორდინაციის მაღალი ხარისხი და აუცილებელია, გარკვეული ერთი სამოქმედო გეგმა, ერთიანი ხმა იმისთვის, რომ ამ ბოროტებას დაუპირისპირდე. მემგონი, ეს ყველაფერი ხორცს შეისხამს 31 მარტის აქციის პარალელურად და გაზაფხულს შევხდებით ისე ღირსეულად, როგორც ეს კადრება რუსთაველის პროტესტს და როგორც ეს ეკადრება ქართული დემოკრატიისთვის გადარჩენის ბრძოლას. პოლიტიკურ ლანდშაფტში ცოტა რამ გვაკავშირებს ერთად და ეს ცოტა რამ ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ევროპისკენ სვლა, ამ ქვეყნის გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ამიტომ, იმ იდეების გარშემო უნდა გვაერთიანდეთ, უნდა გავერთიანდეთ იმის გარშემო, რაც რეაკურად გვაერთიანებს ზედმეტი, ზელოვნური სვლების და მოძრაობის გარეშე. ერთადერთი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, არჩევნების სტილში, ეს არის როგორ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საერთო ძალისხმევის მომხრე არიან და ეს ფორმატი ქმედითუნარიანი უნდა იყოს.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ საერთო ძალისხმევის მომხრე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საერთო ძალისხმევა და ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს ქმედითუნარიანი, უნდა იყოს ეფექტური იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც საზოგადოებამ დაგვისახა და ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, - ამბობს ბოკუჩავა.
ამავე აზრს იზიარებს გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდიაც.
სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარეობს მსჯელობა, ისევე, როგორც კოორდინაცია იმ ზეპარტიულ საკითხზე, რასაც ჰქვია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი. კოორდინაცია როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ გზისთვის, - ამბობს აქუბარდია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი კირთაძე გაერთიანებაში სალომე ზურაბიშვილის როლზე საუბრობს.
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა სხვაგვარად არის წარმოუდგენელი თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით შეთანხმებულები და არ ვითანამშრომლებთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის აქტიური ჩართულობა და მიმაჩნია, რომ 31 მარტიც იქნება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებ ამისი, როცა ყველანი ერთად ერთიანი ფრონტით ვიბრძვით ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ, - ამბობს გიორგი კირთაძე.
აღსანიშნავია, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი რეფერენდუმით გააკეთეს და თქვეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალ უნდა იყოს.
2025 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა და სამართლიან ქვეყანაში სურთ ცხოვრება.
ფართომასშტაბიან აქციამდე, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა დაანონსა, ზუსტად 17 დღეა დარჩენილი.