აშშ-ს ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა რეჟიმისთვის დამაიმედებელი არ უნდა იყოს - ოპოზიცია

14.03.25 20:29
აშშ-ს ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა რეჟიმისთვის დამაიმედებელი არ უნდა იყოს - ოპოზიცია

აშშ-ს ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა არ ნიშნავს, რომ დიპლომატი "ოცნების" ხელისუფლებას აღიარებს. ასეთია ოპოზიციის შეფასება ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც "ოცნებამ" ისევ სათავისოდ თარგმნა. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ დანიგანის გზავნილები ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მხოლოდ გაფრთხილება იყო, რაც თავის თავში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას  გულისხმობს.

აშშ-ს გაჩერებული და გაყინული აქვს სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან სწორედ იმიტომ, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები და იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ უარყო მილიონობით ქართველის საგარეო გეოპოლიტიკური არჩევანი. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩმა ურჩია ე.წ. მთავრობას, როგორ გამოასწოროს ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს იმ ძირეული მიზეზების გამოსწორებას, რის გამოც ჩვენ დავკარგეთ ამერიკასთან ურთიერთობა და თავის თავში მოიცავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რეფორმას და იმ საგარეო პოლიტიკური კურსის აღდგენას, რაც ქართველ ხალხს აქვს გაცხადებული, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გამოხატულება იყო და ივანიშვილის რეჟიმისთვის დამაიმედებელი არ უნდა იყოს.  

ეს არ არის პირველი შეხვედრა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ელჩების და ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების გამოხატულება, რომელიც არსებობს, მათ შორის, ავტორიტარულ ქვეყნებში და არ უნდა იყოს დამაიმედებელი ნამდვილად ივანიშვილის რეჟიმისთვის. აშშ-თან ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით მოხდა სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება და ის აქცენტები, რომელიც მე წავიკითხე, მათ შორის, აშშ-ს საელჩოს მხრიდან იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას, ვფიქრობ, რომ ტექსტიც, შინაარსიც არ უნდა ყოფილიყო დამაიმედებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის თუ არა სურათი, რომელსაც ისინი პროპაგანდის მიზნით, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ. აშშ-ს სანქციები, რომელიც დეკემბერში იყო, არსად წასულა, - ამბობს აქუბარდია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა ამბობს, რომ ელცმა დანიგანმა "ოცნების" არალეგიტიმურ მინისტრს ტრამპის და რუბიოს პოზიციები გააცნო და უთხრა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას "ოცნებამ" ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. 

ის, რომ გვაქვს „მეგობარი აქტი“, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს და არის ტრამპის პარტიის მიერ არის ინიცირებული და ორპარტიული მხარდაწერა აქვს, ის, რომ მაგალითისთვის, ჩინეთი და ირანი ტრამპისთვის, რუბიოსთვის არის წითელი ხაზი და არავინ აპატიებს მათ მათთან ჩახუტებას და ანაკლიის პორტიდან ამერიკული კომპანიის გაყვანას და ჩინური ინტერესების გაძლიერებას და შემოყვანას ანუ რაც უნდა გვახსოვდეს, რეალურად, დღეს მოხდა ის და ეს განაცხადა პირდაპირ აშშ-ს საელჩომ, რომ მათ პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის, რუბიოს პოზიციები გააცნეს იმასთან დაკავშირებით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისის დასაძლევად, რომლის ავტორიც სწორედ რომ „ქართული ოცნებაა“, - ამბობს ნიკუშა ფარულავა.  

აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.

ამ ფონზე, "ოცნებამ" ეს შეხვედრაც საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა და ისე შეფუთა, თითქოს ელჩთან მორიგი რიგითი შეხვედრა იყო.

 

მსგავსი სიახლეები