"პოლიტიკური შურისძიების საშუალებაა" - დოლიძე წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე

24.03.25 21:42
"პოლიტიკური შურისძიების საშუალებაა" - დოლიძე წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე "ტვ პირველის" ეთერში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური შურისძიების იარაღად აფასებს. 

ანა დოლიძე "ძლიერი საქართველოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომისიაში დაბარების ფაქტსაც ეხმაურება. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებენ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კომისიის სხდომაზე გამოცხადებას, ანა დოლიძე პასუხობს, რომ "ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა" და თავად კომენტარს ვერ გააკეთებს.

ეს არ არის ნამდვილი კომისია, ეს არის იმ კომისიის შარჟი, იმიტაცია, რომელიც მართლაც შეიძლებოდა ყოფილიყო სასარგებლო, რომ გაკეთებულიყო 2012-2013 წლებში. ყველამ, ვისაც რაიმე ეტკინა, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" დროს ,იმან კარგად უნდა იცოდეს, რომ მათ დღეს უბრალოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილი. როგორც ადამიანებს, მათ ტკივილს, როგორც ფარს იმ სიბოროტისა და ამავე იმ უნიათობის, იმ უშედეგობის, იმ ჭაობის გადასაფარად, რასაც წარმოადგენს "ქართული ოცნება". ამას ცდილობს ეს კომისია ("ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია), ერთის მხრივ არის პოლიტიკური შურისძიების საშუალება, რომ გავაწვალოთ ოპოზიცია და შევქმნათ მათ პრობლემები", - ამბობს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

მსგავსი სიახლეები