ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! - მამუკა ხაზარაძის პასუხი "ოცნებას"
არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ ვაპირებ - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა "არასერიოზული და კომიკურია".
"ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს"- დაწერა ხაზარაძემ.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ითხოვს, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ კომისიაზე ყველა ის მოსამართლე და პროკურორი დაიბარონ, რომლებიც ხაზარაძის შეფასებით, "მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეს "ოცნების" რიგებში".
დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან.
მოწვევაც მივიღე - “სიგნალში”მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!
ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.
კარგად გამოკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში.
ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის "ნაცმოსამართლე" და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ "ოცნების" რიგებში.
ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ!
ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.
სამწუხაროა, რომ "ოცნება" ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.
აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.
ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!P.S “ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტარსბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში "ოცნების" მხრიდან ცილისწამებაზე.
დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!"- წერს ხაზარაძე.
"ქართული ოცნების" პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.