ღვარძლის კოლექტორია, წულუკიანს არარაობად ვთვლით - თამაზ დათუნაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი თეა წულუკიანს "ღვარძლის კოლექტორად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი განცხადებების არავის ეშინია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ წულუკიანსაც, "ოცნების" პარლამენტსაც და საგამოძიებო კომისიასაც კოალიციაში "არარაობად" მიიჩნევენ. მისი თქმით, ხაზარაძეს კარგად ჰქონდა გააზრებული, რასთან ჰქონდა საქმე, როდესაც ივანიშვილის პროვინციულ ავტოკრატიას უპირისპირდებოდა
ღვარძლის კოლექტორს, თეა წულუკიანს თუ ჰგონია, რომ მამუკა ხაზარაძეს ან ვინმეს „ლელოში“ მისი დალაგებული ტექსტების შეგვეშინდება და ამ რაღაცა უტყვი გაყინული სახის, რომ ვინმეს სად დაიბარებს ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქცევა, იცოდეს, რომ მას ჩვენ ვთვლით არარაობად, მის პარლამენტს ვთვლით არარაობად, ამ კომისიას ვთვლით არარაობად, შესაბამისად, წინასწარ ყველაფერი ძალიან კარგად გააზრებული ჰქონდა მამუკა ხაზარაძესაც და თითოეულ ჩვენთაგანს, რა რისკებს ვებრძვით, როდესაც ივანიშვილის პროვინციულ ავტოკრატიას ვუპირისპირდებით. ზუსტად ვიცით და ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა მართალია და აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
ცნობისთვის, სგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა.
ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას უკვე მიმართა.