არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე, არცერთი სტატუსით და ვაცხადებთ, რომ ის არალეგიტიმურია-გვარამია
ნიკა გვარამიას განცხადებით, კოალიცია “ცვლიელებიბისთვის“ წარმომადგენლები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მონაწილეობას არ მიიღებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი“.
მისივე თქმით, ისინი ასევე მხარდაჭერას უცხადებენ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.
ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.
მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე, - წერს გვარამია.