ვის უპასუხისმგებლობას ემსხვერპლა მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე
ვის უპასუხისმგებლობას ემსხვერპლა მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე - ფუნიკულიორთან მდებარე შენობაში, კედელი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყვა 3 ადამიანი, საიდანაც ორი მძიმედ დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
შენობა კერძო საკუთრებაა, თუმცა საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ წესით, მუნიციპალურ ინსპექციას უნდა გაეკონტროლებინა, რომ სიცოცხლისთვის სახიფათო შენობასთან მინიმუმ შესვლის ამკრძალავი ნიშანი ყოფილიყო.
როგორ უნდა იმოქმედოს ახლა თბილისის მერიამ, რა გეგმა აქვს მუნიციპალურ ინსპექციას, იმ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით, სადაც იატაკი და კედლები ჩამოინგრა და ამ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. "ტვ პირველმა" შესაბამისი კითხვით, მუნიციპალურ ინსპექციის უფროსს მიმართა.
გოგი ჩიქოვანი არ პასუხობს კითხვას, ახლა მაინც მისცემენ თუ არა შენების მესაკუთრეს გაამკაცროს უსაფრთხოების ნორმები ან საერთოდ დაინგრეს ამორტიზებული ნაგებობა.
ჩიქოვანი იმეორებს მხოლოდ ერთს, რომ შენობა არ არის მშენებარე.
მას შემდეგ კი რაც, "პირველების" კორესპონდენტმა მას მუნიციპალური ინსპექციის დებულება შეახსენა, გოგი ჩიქოვანმა თქვა, რომ "შეხვედრაზე ეჩქარება" და არცერთ დამატებით კითხვას არ უპასუხა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო, სამთო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.