დავითაია წულუკიანის კომისიას: დასკვნის მომზადების ან მისი მიღების შემდგომ, ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა
ღმერთის წინაშე ვაცხადებ, რომ დასკვნის მომზადების ან მისი მიღების შემდგომ, არც ერთი მაშინდელი თანამდებობის პირის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა - ამის შესაბს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ წულუკიანის კომისიაზე განაცხადა.
სრული სერიოზულობით, ღმერთის წინაშე ვაცხადებ, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში, ერთხელაც კი არ ყოფილა ზეწოლა, მითითება ან შემოვლითი მითითებაც კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობდა ასე, ისე, ან სხვანაირად ყოფილიყო, პირობითად ვამბობ. პირიქით, თუ საუბარია ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე, ღიად ვიძახი, რომ მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვიყენებდი ზეწოლის ბერკეტებს, რათა კომისიის დაკითხვაზე ხალხი მოსულიყო. პირდაპირ გეუბნებით. როგორც თქვენ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი, მე ეს ბერკეტი ასეთ დონეზე მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი მქონდა. მაგრამ ამ ბერკეტს ბევრი მიზეზის გამო ვიყენებდი.
ცალსახად ვადასტურებ, რომ შემდგომაც, კომისიის დამთავრების პერიოდშიც არცერთი თანამდებობის პირის მხრიდან არ ყოფილა ასეთი რამ. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამ დასკვნას მხოლოდ პაატა დავითაიამ არ მოაწერა ხელი. ამ დასკვნას მოაწერა ხელი ცხრავე წევრმა და აქედან, ხუთი წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, მაშინდელ უმრავლესობას. კომისია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებდა. ეს ხარვეზები აღიარეს. ამიტომ, ზეწოლის განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდათ, პირდაპირ ვამბობ“,- აღნიშნა დავითაიამ სოზარ სუბარის კითხვის საპასუხოდ.
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დილის 10:00 საათიდან იმყოფება.
სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.
საგამოძიებო კომისიაში პაატა დავითაიას დაბარება უკავშირდება ახსნა-განმარტებების მიცემას 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობაზე, რომელსაც მაშინ სწორედ დავითაია ხელმძღვანელობდა.