პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ლატვიაში ვიზიტი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა

26.03.25 21:46
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ლატვიაში ვიზიტი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ლატვიაში ვიზიტი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეებისა და სხვა გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბალტიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, რიგის სასახლეში დღეს პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ევროპულ გზაზე გვერდში დგომისთვის და ლატვიის მიერ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატული ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.
 
უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან: პარლამენტის სპიკერთან, დაიგა მიერინასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან და სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს, მის მოადგილესა  და პარლამენტის დეპუტატებს საქართველოს ევროპულ გზის, დემოკრატიისა და ჩვენი ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა გვერდში დგომისთვის.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ დაიგა მიერინამ  კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. 

ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროდ, ლატვიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ამის მიუხედავად, ლატვია განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას, როცა ეს ისევ შესაძლებელი იქნება, დემოკრატიული ძალების, თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერა.

ბალტიის რეგიონში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა როგორც ლიეტუვის, ასევე ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები