მამუკა ხაზარაძე თეა წულუკიანს პასუხს საჯაროდ გასცემს
მამუკა ხაზარაძე თეა წულუკიანს პასუხს საჯაროდ დღეს გასცემს - "ძლიერ საქართველოში" მედიასთან შესახვედრად უკვე ემზადებიან.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ "ტვ პირველთან" თქვა, მამუკა ხაზარაძე და გაერთიანების ყველა ლიდერი მზად არის, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.
სამუშია შეხვედრაზე "ოცნებას" ურჩევს, შეხვედრაზე პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები გამოუშვას.
ბოროტ პოლიტიკურ ცირკში არავინ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. ჩვენი პარტია, ჩვენი პარტიის ლიდერები, აგერ ვთავაზობთ - თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, თავიანთი სამთავრობო მედიის წარმომადგენლები მოვიდნენ პირდაპირ ეთერში, მზად არიან ჩვენი პარტიის ლიდერები ნებისმიერ კითხვას გასცენ პასუხი და ასევე ვთავაზობ, თუ არ გეშინიათ, სამთავრობო, ამ შემთხვევაში - ქოც მედიის წარმომადგენლებს, გაუშვით ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში. დასვით, შეუზღუდავად გაქვთ უფლება დასვათ კითხვები, გაუშვით ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში, თუ არ გეშინიათ.. აი, ეს არის მთავარი, მაგრამ თქვენ ამას ვერ იზამთ, რატომღაც დარწმუნებული ვარ... თქვენ ამ ყველაფრის გეშინიათ, თქვენ ყველაფერი გინდათ დამონტაჟებული, დამახინჯებული რუსულ სტილში მიაწოდოთ საზოგადოებას"- აცხადებს სამუშია.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გამოძიება "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.