ვენაში ჩასულ ბოჭორიშვილს ავსტრიის მინისტრმა მხილების სერია მოუწყო - "ოცნების" საგარეომ ფაქტი დამალა
ვენაში ჩასულ მაკა ბოჭორიშვილს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხილების და კრიტიკის სერია მოუწყო. "ოცნების" საგარეომ ფატქი დამალა, თუმცა ყველაფერი ავსტრიელი მინისტრის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
ბოჭორიშვილს შექების ნაცვლად, პირდაპირ უთხრეს, რომ გმობენ მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებზე რეჟიმის მიერ მოწყობილ ძალადობას და ყველა დამნაშავის დასჯას ელოდებიან.
ბეათე მაინლ-რაიზინგერმა "ოცნება" ღიად ამხილა ევროპული კურსის შეცვლას და ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში.
კარგ პარტნიორებს შორის ასევე შესაძლებელია გულწრფელი და ღია დისკუსიები და სამწუხაროდ დღეს ბევრი რთული თემა გვქონდა. როცა საქმე ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხება, საქართველომ უკუსვლა დაიწყო. ეს როგორც ავსტრიული, ასევე ევროპული პერსპექტივიდან, დასანანია. ჩვენ ვხედავთ რეფორმების უკუსვლას სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებშიც. ასევე უკან ნაბიჯები, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას კანონმდებლობის გავლით. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია. ჩემს ქართველ კოლეგას მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები - პასუხისგებაში მიცემული.
როგორ მიყვეთ გზას ევროკავშირისკენ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. მე წინააღმდეგი ვარ კარის მთლიანად დახურვის. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრით ეს მკაფიოდ განვაცხადე. აუცილებელია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ღია არხები. ვენა დიდი ხნის განმავლობაში იყო დიალოგისა და დიპლომატიის ცენტრი, და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ისევე როგორც ქართველი კოლეგების ვიზიტი ვენაში, ამ როლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ჩვენ მზად ვართ, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას მხარი დავუჭიროთ, თუკი ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ კურსს. კურსის შეცვლა ასევე ასახავდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 80%-ზე მეტი, მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ" - განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.
რაიზინგერის სიტყვის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილის სიტყვა მხოლდო იმას შეეხებოდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურად სურს.
პრესკონფერენციის ბოლოს უკვე მედიას ჰქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა. ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხა, როგორც ურთიერთობს "ოცნება" ისინი ევროპულ ინსტიტუტებთან იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ლეგიტიმურ პრეზიდენტადაც სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ.
ამ კითხვაზე "ოცნების" მინისტრს ასეთი პასუხი ჰქონდა:
როცა ვლაპარაკობთ ქვეყნის სუვერენულ არჩევანზე, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხხალხის დემოკრატიულ არჩევანს. არჩევნები ჩატარდა, სადაც აღასობით საერთაშორისო დამკვირვებელი იყო . ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ვნახეთ ბევრი პროტესტი არცევნების შედეგებთან დაკავშირებით . ვხედავთ, კონკრეტული აქტორები უგულებელყოფენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირში ინტეგრაციას მთავარ პრიორიტეტად , ამ მიზნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია დიალოგის ქონა პარტნიორებთან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ოცნების“ სამინისტრომ დაწერა, რომ მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები.