"ოცნება" წულუკიანის კომისიაზე გახარიას დაბარებას არ გამორიცხავს

28.03.25 12:16
 "ოცნება" წულუკიანის კომისიაზე გახარიას დაბარებას არ გამორიცხავს

"ოცნება" არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიაც დაიბარონ. ივანიშვილის გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს "მოღალატეს" უწოდებს და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს. 

გორდულაძე პირდაპირ ამბობს, რომ განიხილავენ ყველა საკითხს, რომელიც კომისიისთვის იქნება საინტერესო. 

ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის გამო არ არის გახარია მოღალატე. აი, ვითომ ალამუტის ციხეში გამაგრებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დამნაშავე ნიკანორ მელიას დასაცავად, რომ უღალატა ქვეყანას, ამიტომ არის ეს ადამიანი მოღალატე. მათ შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა გააკეთა მან ჩორჩანაში და როგორ გააჩინა რისკი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ესკალაცია მომხდარიყო. გიორგი გახარია და მისი ე.წ. პარტიის წევრები არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. ყველა საკითხი, რომელიც იქნება კომისიისთვის საინტერესო, იქნება განხილული, - ამბობს არფჩილ გორდულაძე.  

"ოცნების' კიდევ ერთი დეპუტატი პაატა სალიაც ამბობს, რომ შეისწავლიან ყველა მოვლენას, რომელსაც თვლიან, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ შორის, 2012 წლის შემდგომ მოვლენებსაც.  

თქვენ მოგისმენიათ არაერთი განცხადება კოლექტიური ნაცმოძრაობის შესახებ ჩვენი მხრიდან. შევისწავლით ყველაფერს, ყველა მოვლენას, რასაც ადგილი ჰქონდა. რასაც ვთვლით და საზოგადოება, ვთქვათ, განმცხადებელი პირები თვლიან, რომ იყო მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ 2012 წლის შემდგომ. 

ის, რომ რუსეთი შემოვიდა და დაიკავა საქართველოს ტერიტორია და ერთი ქვეყანა რომ მეორეს ტერიტორიას იკავებს, ეს ოკუპაციაა, ამას ვაჭრობა არ სჭირდება, ეს არის დადასტურებული ფაქტი, მაგრამ ის, როდესაც საქართველოს დელეგაცია ხელს აწერს იმ ფაქტს, რომ პირველი ქართულმა მხარემ დაბომბა საკუთარი ტერიტორია და საპასუხო იყო რუსეთის შემოსვლა, ეს არის... არ ვიცი... თქვენ შეაფასეთ რა არუს და ვინ არის პრორუსი, ამ შემთხვევაში, - ამბობს სალია.
 

"ქართული ოცნება" თეა წულუკიანის კომისიას  უფლებამოსილებას  უზრდის. თუ აქამდე ოლიგარქის პარტიაში ამბობდნენ, რომ მათი მიზანი წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა იყო, ახლა გადაწყვტიეს, რომ პარტიების საქმიანობა 2012 წლის შემდგომი პერიოდიდანაც შეისწავლონ.