"ოცნება" არ მალავს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებას ფორმალურად ელოდება
"ოცნება" არ მალავს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასრულებას ფორმალურად ელოდება, რათა ივანიშვილმა მისი განზრახვა, აკრძალოს პროდასავლური ოპოზიცია, სისრულეში მოიყვანოს.
არალეგიტიმური ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით 6 თვეში შეიტანონ. მათი მტკიცებით, ოპოზიციის ასაკრძალად ბევრი საფუძველი არსებობს.
არანაირი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება ამ ყველაფერს, ვინაიდან ჩვენ რაც გვქონდა დაანონსებული, საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ სჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ყველანაირად იქმნება საფუძველი, რომ მომზადდეს ძალიან მყარი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მოღალატეების ასაკრძალად. ყველაზე მაქსიმუმ, 6 თვეში ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, რომელიც დასკვნაც გაეგზავნება შესაბამის ორგანოებს, პირველ რიგში, პროკურატურას. ამ ყველაფრის შემდეგ შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ არ უნდა ამას დიდი დაკვირვება, ყველაფერი ხელის გულზე და ნათელია, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ სარჩელს აუცილებლად შევიტანთ, - ამბობს ირაკლი კირცხალია.
ის, რომ სარჩელი საკონსტიტუციოში აუცილებლად შევა, ღიად ამბობს "ოცნების" კიდევ ერთი წევრი ლევან მაჭავარიანიც.
ჩვენ მოვამზადებთ აუცილებლად სარჩელს და ეს სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან თუ არა ეს პარტიები. მოვლენებს წინ, რა თქმა უნდა, ვერ გავასწრებთ, შევინარჩუნოთ უდანაშაულობის პრეზუმცია, თუმცა პოლიტიკური შეფასება შემიძლია, გავაკეთო, რომ პირადად ჩემი მოლოდინია, რომ ობიექტური იქნება ის გადაწყვეტილება, რასაც გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, “ოცნების“ პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ივანიშვილის გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
მდინარაძე ამბობს, რომ ეს მათი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.