ვინ არბევდა ხალხს? - ახალი ფიგურანტები

29.03.25 21:31
ვინ არბევდა ხალხს? - ახალი ფიგურანტები

ვინ არბევდა ხალხს ხარებას სპეცრაზმის გარდა, სისხლიანი ნოემბრის დღეებში? - "შაბათის ეთერისთვის" წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნოემბერსა და დეკემბერში, აქციების დარბევის დროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სწორედ სასაზღვრო პოლიციის სპეცრაზმი ენაცვლებოდა.

"შაბათის ეთერს" სისტემიდან მიაწოდეს სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომელთა საშტატო ნუსხა - იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომელიც კონფიდენტის მტკიცებით, აქციების დასარბევად გაიყვანეს:

  • რაზმის ხელმძღვანელი - გიორგი დარძული, ხელმძღვანელის მოადგილე - ემზარ მუმლაძე, მსროლელი ოფიცერი - იმო მაკაროვი, მსროლელი ოფიცერი გიორგი ფხაკაძე, ლექსო კუპატაძე, გიორგი წიკლაური, ლაშა ლიქოკელი, ჭაბუკა ჭიღლაძე, თენგიზ უბირია. ეს სწრაფი რეაგირების სამმართველოს სპეცრაზმელების მცირე ჩამონათვალია. სულ დანაყოფში 60 თანამშრომელია.

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს ინფორმირებული ადამიანი სასაზღვრო პოლიციიდან უყვება, რომ მესაზღვრეები ქუჩაში მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც "ხარებას" რაზმს ადამიანური რესურსი ამოეწურა.

სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს სპეციალურ გადამზადება გავლილი 60 კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავს. მათი კურატორი გოჩა ჯანჯღავაა.