"ოცნების" რეჟიმი ღამის კოშმარია ქართველებისთვის - ბრანდშტეტერი
"ოცნების" რეჟიმი ღამის კოშმარია ქართველებისთვის, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ჰელმუთ ბრანდშტეტერი ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ამის შესახებ ევროდეპუტატი პლატფორმა X-ზე წერს.
ბრანდშტეტერი აღნიშნავს, რომ დემოკრატიებში პოლიტიკურ ოპონენტებს არ აპატიმრებენ და არ ძალადობენ მათზე.
ღრმად შემაძრწუნებელი ამბავი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი საქართველოდან. დემოკრატიებში ჩვენ არ ვაპატიმრებთ პოლიტიკურ ოპონენტებს და არ ვძალადობთ მათზე. "ქართული ოცნების" რეჟიმი ღამის კოშმარია ქართველებისთვის და აგრძელებს მის გზას ავტორიტარიზმისკენ, - ამბობს ბრანშტეტერი.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია პოლიციელებს მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ქალი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ე.წ. სამართალდაცველებმა მას დაზიანებები სახის არეში მიაყენეს, შემდეგ კი სრულად გააშიშვლეს. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.
გარდა ამისა, ხოშტარია ამბობს, რომ დიღმის იზოლატორში ყოფნისას მას მაღალი წნევა ჰქონდა და მედიკამენტებს საჭიროებდა, თუმცა მას წამლები არ მიაწოდეს.