ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებას დაესწრება
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი 9 მაისს მოსკოვში პუტინის გვერდით იქნება. "ტვ პირველმა" გაარკვია, რომ ოთარ ფარცხალაძე გამარჯვების აღლუმზე ოჯახთან ერთადაა მიწვეული.
"სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმომადგენელი "პირველებს" უდასტურებს, რომ მათი პარტიაც და ასევე ფარცხალაძეც მოსკოვში, წითელ მოედანზეა მიწვეული.
დიახ, დაპატიჟებულია მოსკოვში. ჩვენ უნდა ჩავატაროთ, პარალელურად, ღონისძიება თბილისში, ამიტომ აღარ ვიცით ახლა როგორ ვქნათ - ჩავიდეთ, თბილისში ჩავატაროთ თუ მოსკოვში ვიყოთ 9 მაისს, ამას ვარკვევთ ახლა.
ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომანოვი-ფარცხალაძე არის დაპატიჟებული თავის ოჯახთან ერთად. რა თქმა, უნდა დაესწრება, - ამბობს მამუკა ფიფია.
ჩავა თუ არა მოსკოვში საქართველოს ოფიციალური დელეგაცია? რამდენიმე დღეა საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წითელ მოედანზე საქართველოს არალეგიტიმური რპეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილია მიწვეული.
ამის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა 9 მაისს საქართველოს დელეგაციის რუსეთში ჩასვლას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
გამოცემა "სოვა", კითხვაზე პასუხის მისაღებად ზახაროვამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაამისამართა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "ისინი ჯერჯერობით კომენტარს არ იძლევიან".
ზახაროვამ, პრაქტიკულად, შემოგვთავაზა, დავლოდებოდით ყაველაშვილის პოზიციის დაფიქსირებას. „ თავდაპირველად მიიღება გადაწყვეტილება, შემდეგ ხდება მოწვევის გაგზავნა და შემდეგ უკვე მიმღები ავრცელებს ინფორმაციას, - წერს "სოვა".