არცერთი სიტყვა "მეგობარ აქტზე" - კობახიძის ადმინისტრაციაში სრული დუმილია

31.03.25 13:25
არცერთი სიტყვა "მეგობარ აქტზე" - კობახიძის ადმინისტრაციაში სრული დუმილია

"მეგობარი აქტის" დამტკიცების შემდეგ ირაკლი კობახიძე საჯაროდ პირველად გამოჩნდა. არალეგიტიმურმა პრემიერმა მთავრობის სხდომა ისე გახსნა და ისე დახურა, რომ აშშ-თან ჩიხში შესულ ურთიერთობებზე არაფერი უთქვამს. ისაუბრა მხოლოდ 31 მარტის მნიშვნელობაზე.

1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ ამ რეფერენდუმს რამდენიმე დღეში, 9 აპრილს მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 90%-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა. საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, - თქვა სხდომაზე კობახიძემ. 
 

მედიასთან დღეს არავინ გამოჩნდა ე.წ. მინისტრებიდანაც. დეფაქტო მთავრობა ამ დრომდე ვერ უხსნის საზოგადოებას, რატომ ვერ მოახერხა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თბილისმა ურთიერთობების დალაგება.

მთავრობის ადმინისტრაციაში სრული დუმილია. "პირველები" ერთი საათის განმავლობაში ელოდა, რომ კითხვებს ვიცე პრემიერი, ლევან დავითაშვილი უპასუხებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილია გახდა, რომ ბრიფინგი გაუქმდა და კობახიძის გუნდიდან მედიასთან არავინ გამოჩნდებოდა. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ კობახიძე იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთებოდა.