წყარო: შსს-მ მზია ამაღლობელის არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციელი დააწინაურა

31.03.25 19:33
წყარო: შსს-მ მზია ამაღლობელის არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციელი დააწინაურა

მზია ამაღლობელის საქმე - დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმე, პოლიციელი თამარ კერესელიძე გამოკითხეს.  კერესელიძე პოლიციის ს თანამშრომელია, რომელმაც ჟურნალისტის დაკავების ოქმი შეადგინა და გაჩხრიკა დაკავებული. 

პოლიციელმა დღეს სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელს ხელბორკილები სწორედ მან დაადო და ხელბორკილდადებული ქალი ჟურნალისტი 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. 

"ფანჯარა ღია იყო და შეგვეშინდა, არ გადამხტარიყო"- ასე ხსნის მის ქმედებას მოწმე პოლიციელი. 

თამარ კერესელიძეს შეკითხვა თავად მზია ამაღლობელმაც დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა,  ვინ მისცა მას ხელბორკილების გამოყენების ბრძანება.

პოლიციელი ამტკიცებს, რომ ბრძანება ხელბორკილების დადებასთან დაკავშირებით არავის გაუცია, თუმცა "ტვ პირველს" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ მზია ამაღლობელს ხელბორკილები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის,  დავით ათაბეგაშვილის, მეტსახელად "კასკას" ბრძანებით დაადეს. 

ირკვევა, რომ ფაქტის შესახებ მზია ამაღლობელმა საგამოძიებო სამსახურსაც უამბო, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბრძანების გამცემის ვინაობა იმ დროისთვის ჟურნალისტისთვის უცნობი იყო, თუმცა "კასკა" "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში ამოიცნო. ფაქტი, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმაც დაუდასტურა "პირველების" კორესპონდენტს. 

ეს ყველაფერი არ არის, წყარო "პირველებს" აწვდის ინფორმაციას, რომ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობაში მხილებული, დავით ათაბეგაშვილი დააწინაურეს. ვახო გომელაურმა "კასკა" ატაშედ დანიშნა ბელარუსში.