პრეზიდენტი: ერთი ქალის ხმა - ცეცხლი ოლიგარქიას, ეს არის ზუსტი საზომი!

31.03.25 21:18
პრეზიდენტი: ერთი ქალის ხმა - ცეცხლი ოლიგარქიას, ეს არის ზუსტი საზომი!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პირობას დებს, რომ საქართველოსთვის დაწყებული ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. 

"ხალხი ვერ გააჩუმეს, ვერ დააშინეს, ვერ დააქუცმაცეს"-  თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას. 

პრეზიდენტის თქმით, 1991 წლის 31-ის მსგავსად, "დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი დგას რუსთაველზე": 

დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში, დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. დღესაც ასეა. და თქვენ, აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ, უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ შიშველი ხელებით, კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის, უცხო რეჟიმის გაბატონებას. თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი, მათი სიტყვები, რომ "მოესწრებით დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც". 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბრძოლა იქამდე გაგრძელდება ვიდრე ქვეყანაში პროტესტი ერთი ხმა მაინც ისმის -  "ერთი ქალის ხმა ცეცხლი ოლიგარქიას არის ზუსტი საზომი, ერთ დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა ნამდვილი საზომია".

ვერ გააჩერეს პროტესტი, ვერ გააჩერეს ხალხი, ვერ დააქუცმაცეს. ვერ ჩახშეს ვერ დააშინეს. ამდენი ფული უამრავი ბერკეტი და უზმო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა. გამოსული ადამიების რაოდენობით არ იზომება პროტესტის ძალა. 4 თვის შემდეგ მხნედ დგომაა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა ცეცხლი ოლიგარქიას არის ზუსტი საზომი. ერთ დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა ნამდვილი საზომია. ეს არის ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება. დღეს ჩვენ ერთმანეთს იმედი ვართ უსამართლობის წინააღმდეგ...

ამ მძიმე დროს, ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და გამძლეობაში იბადება ახალი საქართველო, ძალიან ქართული და ძალიან ევროპული. დღეს, ისევე როგორც 1918 წელს და 1991 წელს, ეს არის მყარი საძირკველი, რომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს დავიბრუნებთ, რუსეთისა და მისი მესვეურების კლანჭებიდან გამოვგლიჯავთ და საკუთარ გზაზე დავაბრუნებთ. ბრძოლა გრძელდება“, - ამბობს ზურაბიშვილი.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი სამი ძირითად საყრდენზე დგას: 

  • „ოლიგარქის გარემოცვის ფინანსური ინტერესები;
  • რუსული პროპაგანდა და პროპაგანდისტები, რომლებიც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და დამორჩილებას;
  • რუსული ძალადობრივი სისტემა“.