პრეზიდენტი: საქართველოს სამართლიანობისთვის ბრძოლა დღის წესრიგში რჩება - ეს თქვენი გამარჯვებაა
დღეს ჩვენი მოქალაქეები ქუჩებში დგანან - წინააღმდეგობას უწევენ უსამართლობას, ძალადობას, დამონებასა და დაპყრობას - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.
მისი თქმით, ხალხი 124 დღეა, ითხოვს იმის დაბრუნებას, რაც კანონით და კონსტიტუციით ეკუთვნის: "დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი!".
დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში დგას. დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. დღესაც ასეა და თქვენ, აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის რეჟიმის გაბატონებას.
თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი. გვესმის მათი სიტყვები - „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც.“
გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასდროს შეგვიწყვეტია ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის.
უკვე 124 დღეა, აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის - ჩვენი ურყევი არჩევანი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი!“- ამბობს სალომე ზურაბიშილი.
პრიზიდენტმა ევროპული არჩვევანის მცველებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
"თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ, მიუხედავად სხვა ბევრი მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანობისთვის ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში"- აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მაღალი დონის შეხვედრებზე სწორედ მათ წარმოადგენს.
ამ ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი - ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულმა მასობრივმა პროტესტმა საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც დაიმსახურეთ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ეს გააკეთეთ თქვენ და მხოლოდ თქვენ და ეს პატარა მიღწევა არაა.
უწყვეტმა პროტესტმა მთელ მსოფლიოს გააგონა ჩვენი ხმა და აჩვენა საზოგადოების მობილიზება ახალი არჩევნებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს ჩვენს ბრძოლასა და სამართლიან მოთხოვნებს მხარს უჭერს - ესეც თქვენი გამარჯვებაა.
არჩევნებიდან ხუთი თვე გავიდა და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებსა და ხელისუფლების ლეგიტიმურობას. იზოლაციაშია მმართველი პარტია - აქაც გამარჯვებული ხართ თქვენ, ისინი კი სადღაც-სადღაც ხელის ჩამორთმევას ცდილობენ.
როცა ჩვენი პარტნიორები მაღალი დონის შეხვედრებზე ან პარლამენტთა წინაშე მიწვევით მე და არა მმართველ პარტიას მიწვევენ, ეს თქვენი მხარდაჭერის ნიშანია, თქვენი ბრძოლის აღიარება. მე იქ მხოლოდ წარმოგადგენთ თქვენ, წარმოვადგენ საქართველოს.
ბოლო ვიზიტის დროს ჩვენმა ბალტიისპირელმა მეგობრებმა თქვენთან დამაბარეს ეს სიტყვები - ხალხს გადაეცი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერაო. ასეთივე პირდაპირი და პირველად ჩვენს ახლო ისტორიაში იყო, როცა ქართველ ხალხს პირდაპირ მიმართა პრეზიდენტმა მაკრონმა. ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადება საქართველოს შესახებ თქვენს მოთხოვნებს ეხმაურება - ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ, მიუხედავად სხვა ბევრი მსოფლიო გამოწვევისა, საქართველოს სამართლიანობისთვის ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში”, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.