"ოცნების" ე.წ. საგამოძიებო კომისიის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ჯარისკაცებზე ნადირობის ახალ სეზონს აცხადებს

31.03.25 22:17
"ოცნების" ე.წ. საგამოძიებო კომისიის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ჯარისკაცებზე ნადირობის ახალ სეზონს აცხადებს

"ქართული ოცნების" დამსახურებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, ქართველ ჯარისკაცებზე ნადირობის ახალ სეზონს აცხადებს. ოკუპირებული ცხინვალში, ქართველი სამხედროების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ. დე ფაქტო რეჟიმმა ქართველი ჯარისკაცების დასჯის საკითხი  ხელახლა მას შემდეგ დააყენა, რაც ნახა რომ ქართული ოცნების  საგამოძიებო კომისიაზე ივანიშვილის გუნდმა საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა. 

რუსული სპეცოპერაცია ქართველი სამხედროების წინააღმდეგ  რამდენიმე ფლანგზეა გაშლილი - კრემლის უშიშრობაში, ივანიშვილის  პარლამენტში და სუსში. ამის ნათელი მაგალითია  ლაშა რუხაიას ისტორია. ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები, რომელიც ჯერ 2008 წლის ომში, შემდეგ უკრაინაში იბრძოდა, რუსული დაზვერვის ხელში აღმოჩნდა.

მას შემდეგ რაც რუსულმა დაზვერვამ შავ სიაში შეიყვანა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც მის წინააღმდეგ დევნა დაიწყო. ქართველი სამხედრო ამბობს, რომ  გრიგოლ ლილუაშვილის თანამშრომლები მას ოჯახის წევრების ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოში დაბრკოლებებს იმ  ქართველ ჯარისკაცებს  უქმნიან, ვისაც ასევე რუსული სპეცსამსახურები ეძებენ.

თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის უმძიმესი სანახავი აღმოჩნდა პირდაპირ ეთერში ქვეყნის ღალატი.  ფიქრობენ, რომ ამ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მიზანი  რუსეთისთვის დანაშაულების ჩამორეცხვა და რუსული პროპაგანდის გამოკვებაა. შედეგად კი ზიანდება ქვეყნის რეპუტაცია, ეროვნული ინტერესები და რაც მთავარია ილახება ათასობით ჯარისკაცის სახელი, ვინც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის დამნაშავედ გამოაცხადებდნენ.

ისტორიის გადაწერის მცდელობა - ნინო ელიკაშვილი დეტალებით