პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვა, უარის შემდეგ დააკავა
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ლუკა კინწურაშვილი დაკავებულია - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის ცნობით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მიიღეს ინფორმაცია, რომ კინწურაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აქტივისტი 20:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გააჩერეს და ტელეფონში „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვეს, რაზეც კინწურაშვილმა უარი განაცხადა.
ირკვევა, რომ ლუკა კინწურაშვილმა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატ მარიამ პატარიძეს თან დაკავშირება მოახერხა და დახმარება სთხოვა.
ადვოკატმა პატარიძემ პოლიციას ტელეფონით მოსთხოვა განმარტება, „თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით სთხოვდნენ ლუკას პირადი ტელეფონის დათვალიერებას“, - წერს მიქელაძე.
update: შუა ღამით გავიგეთ, რომ ლუკა ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და დმი-ში იმყოფება. დილიდან ჩვენი ადვოკატი ნახავს და გავიგებთ რა მოხდა"- წერს მიქელაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი გუშინვე წერდა, რომ ადვოკატმა ტელეფონით პოლიციას მოსთხოვა განმარტება, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით სთხოვდნენ ლუკას პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება.
მიქელაძის განმარტებით, პასუხად, პოლიციამ ლუკას ტელეფონი წაართვა და მას შემდეგ, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
უფლებადამცველის ცნობით, კინწურაშვილი 2024 წლის ივლისში პოლიციამ უკანონოდ დააკავა:
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლუკა პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2024 წლის ივლისში, ის პოლიციამ უკანონოდ დააკავა და მის მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობა განახორციელა.
მაშინ, ქუჩაში, ზოომაღაზიაში მიმავალს, პოლიციამ გზა გადაუღობა. როცა ლუკამ უკანონო შემოწმებას პროტესტი გამოუცხადა, ძალით ჩატენეს დაბურულფანჯრებიან მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
იქ მას ეკითხებოდნენ, თუ რას ფიქრობდა „გადახრილებზე“ და 17 მაისზე, სთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანია), ეკითხებოდნენ მის დამოკიდებულებას აბორტზე და სხვა საკითხებზე"- წერს ის.
უფლებადამცველის შეფასებით, საპოლიციო ძალადობა და თვითნებობა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სიმბოლურ ადგილებში შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ აგრესიით. ის ქუჩებში გამოვიდა და ყოველდღიურ, ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.
თვალში თუ არ მოუხვდი ამ მასკულინურ, დახურულ, უკონტროლო და დაუსჯელ სისტემას, შეუძლიათ ისე დაგაკავონ და მოგექცნენ, რომ სრულად დაუცველი დარჩე.
შეუძლებელია ასე გაგრძელება"- აღნიშნავს მიქელაძე.
"ტვ პირველი" ლუკა კინწურაშვილის ადვოკატს ესაუბრა:
„ლუკა შეაჩერეს საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში და როგორც ხდება ხოლმე, ზედაპირული დათვალიერება გადაიზარდა ჩხრეკაში და ამის გამო, ლუკამ დამირეკა. ვუთხარი, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპოლიციო ღონისძიებები ტარდებოდა, ამ შემთხვევაში - ჩხრეკა, მე მივიდოდი ადგილზე და ჩემი მონაწილეობით ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა და ლუკამ როგორც დამიდასტურა სატელეფონო საუბრისას, ჩანთა უკვე გახსნილი იყო და მას სთხოვდნენ ენახებინა „ტელეგრამის“ ჩატში არსებული მიმოწერა.
ასევე, ლუკას ვუთხარი, თუ სამართალდამცველები არ დათანხმდებოდნენ ჩემი მონაწილეობით საპოლიციო ღონისძიების გაგრძელებაზე, მას შესაძლებლობა ექნებოდა, გასულიყო პირდაპირ ეთერში. სწორედ ამ დროს წაგლიჯეს ტელეფონი ლუკას და ამის შემდეგ, 6 საათის მანძილზე ჩვენ ვერ ვადგენდით მის ადგილსამყოფელს და შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ლუკა დაკავებულია ადმინისტრაციული წესით… მას აქვს ბევრი ტატუ, რაც არის ხოლმე ნიშანი იმის, რის საფუძველზე ხდება სამართალდამცავების სამიზნე“, - ამბობს მარიამ პატარაძე.