"გვსჯიან იმიტომ, რომ მათ არ ვაღიარებთ" - მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მივიდა
"ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
პროცედურების მიხედვით, პოლიტიკოსი გამოკითხვის ოქმს უნდა გაეცნოს, მის მიერვე მიცემული ჩვენების სისწორე დაადასტუროს, შემდეგ კი, 14:00 საათზე, ხაზარაძე თბილისის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, სადაც მას ბრალს წარუდგენენ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მას და მის კოალიციას "ოცნების" ლეგიტიმაციის არაღიარების გამო სჯის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საქალაქო სასამართლოში მისვლისას განაცხადა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები რუსეთის და ბელარუსის მსგავსად მიდის, ამიტომ მათი მხრიდან უკან დახევა არ იქნება და თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
არ არის მთავარი ჩემი მოლოდინები, მთავარია, რომ ჩვენ ქვეყანაში არ დავუშვათ ტოტალური ქვეყნის წაღება ყველა სტრუქტურის, ყველაფრის რუსეთისკენ. ეს არის ახლა ყველაზე მთავარი. ყველაზე მთავარია, რომ ერთიანობა გამოვიჩინოთ და ერთიანობაზე როცა ვლაპარაკობ, არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების ერთიანობაზე საუბარი. უნდა გამოვიჩინოთ ყველა პასუხისმგებელი მოქალაქის მხრიდან ერთიანობა, რომ ყველაფერი ის, რასაც აკეთებენ ესენი მიტაცებული არჩევნების მერე, სამწუხაროდ, რეალობად იქცევა და სულ არის მოლოდინი, რომ ამის მერე ისინი ვერ წავლენ უფრო შორს.
უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად იგივე სცენარით მიდის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი „ოცნების“, ივანიშვილის და რუსების დაგეგმარებით, როგორც ეს მოხდა რუსეთი და ბელარუსიაში. ანუ ილუზია, რომ სადღაც გაჩერდებიან, უნდა ამოვიგდოთ თავიდან.
რაც შეეხება ჩემს აქ მოსვლას, გავეცნობი ოქმს, მერე მივდივარ პროკურატურაში, რა ბრალდებას წარმიდგენენ, არის მეორე ხარისხოვანი იმასთან მიმართებაში, რაც ხდება იგივე ამ სამარცხვინო კომისიაზე, სადაც მიდის ჩვენი მეომრების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მართლა გმირი ადამიანების შეურაცხყოფა, დემორალიზება ქართული ჯარის, მხედრული სულის და საერთოდ, იმ მისწრაფების, რასაც თავისუფლება და დემოკრატია ჰქვია. ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე და ერთი წამით არ იქნება უკან დახევა.
დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ჩვენმა კოალიციამ აღიაროს არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური მთავრობა. ანუ ჩვენ გვსჯიან იმიტომ, რომ პოლიტიკურად ჩვენ მათ არ ვაღიარებთ. არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი დემოკრატიული სამყარო. ამის გამო, მათ უნდათ, დაშინებით, არ ვიცი ეს რა ბრალდება იქნება, ნებისმიერი ასეთი ქმედებით გვათქმევინონ, რომ ჩვენ შეგვეშინდება და ვაღიარებთ მათ, - განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურა ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ მოითხოვს. მამუკა ჭაბაშვილი განმარტავს, რომ მუხლს, რომელსაც ხაზარაძეს ედავებიან, სხვა ალტერნატივებიც აქვს.
ინტერესების დამცველი "ოცნების" პირობებში არც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის დაკავებას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ იმისთვის, რათა ეს არ მოხდეს, სამართლებრივი არგუმენტებიც აქვთ.
უნდა შევამოწმოთ ის ოქმი, რაც გამოკითხვაზე შედგა. თუ შენიშვნები გვექნება, გავაკეთებთ ამას, შემდეგ ქალაქის პროკურატურაში დაგვიბარეს, ბრალი უნდა წავუყენოთო. გავეცნობით ბრალს, იმედია, აღკვეთ ღონისძიებაზე საერთოდ არ იქნება საუბარი ასეთ ვითარებაში და გვაქვს ჩვენ ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები, ასე მარტივად არ არის - არ მივიდა და ამით დანაშაული ჩაიდინა.
გამორიცხული არაფერია, მაგრამ მუხლის სანქციის სიმძიმიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მრავალი ალტერნატივა აქვს, თვითონ პიროვნებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ საერთოდ, ალბათ, აღკვეთ ღონისძიებაზე, წესით და რიგით, არ უნდა შევიდეს ბრალდება. თან წინაპირობა, არ იმალება, არაფერი, როცა ეძახიან, მოდის გამოძიებაში და ასე რომ, არ ვფიქრობ რამე აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, - ამბოსბ ადვოკატი.
ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა. ის გამოკითხვაზე თეა წულუკიანის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაიბარეს.
მოემდი კანონით, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.