ცნობილია ახალი წინააღმდეგობის მოძრაობის პირველი ნაბიჯი - პრეზიდენტის ბრიფინგი
კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად გადადგმული პირველი ნაბიჯის შესახებ ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად მზად არის, "ქართული ოცნების" რეპრესიების წინააღმდეგობა გაუწიონ.
"კოორდინაცია შედგა, პროტესტი არ დაშლილა"- თქვა მან სპეციალურ ბრიფინგზე.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციური პარტიებთან ერთად ევროსაბჭოს სესიისთვის მოემზადება, სადაც საქართველოზე კრიტიკული რეზოლუციის მიღებაა მოსალოდნელი.
დღეს კოორდინაცია შედგა. ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. მსურს, ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდგომ თავისი ხედვები წარადგინონ სხვანაირად, რაც ერთობლივად შეთანხმებული არ იქნება. ეს ასეთი ფორმის კოორდინაციაა, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. ის არსებობს საზოგადოებაში და როდესაც ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება. ის არის მუდმივი და არაფერი და ვერავინ ვერ აშინებს მის მონაწილეებსა და საზოგადოებას.
პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის. ამაზეც ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახოთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ.
ევროსაბჭოში 7 აპრილიდან იქნება სესია, სადაც ალბათ, მიღებული იქნება მკაცრი რეზოლუცია, სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე. ალბათ, ასევე, ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ ერთ მხრივ, FARA-თი მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იყოს მონახული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ, რომ ხელისუფლება იღებს ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის რამენაირად ძლიერდება. არა, პირიქით, ძლიერდება პროტესტი იმიტომ, რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის, უფრო მეტი ხალხი უერთდება იმ ჩვენს გზავნილს და იმ გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და რომელიც აქ შემოსული პარტიების ერთიან პოლიტიკას ასახავს. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, მშვიდობიან გზაზე. მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებიც შეიძლება ვიღაცის აზრში არსებობს. ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ და ვიყოთ შემართებით, ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს რუსთაველის გამზირზე თქვა, რომ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა.
საქართველოს მეზუთე პრეზიდენტის თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპია, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.