მამუკა ხაზარაძე ბრალის წარდგენის შემდეგ: აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, ბრძოლა ბოლომდე!

01.04.25 15:48
მამუკა ხაზარაძე ბრალის წარდგენის შემდეგ: აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, ბრძოლა ბოლომდე!

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება - პროკურატურას 24 საათი აქვს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართოს. 

  • საქართველოს პროკურატურამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას შეეხება.

უცნობია, რა შუამდგომლობას დააყენებს გაბიტაშვილის უწყება მოსამართლის წინაშე. 

  • ბრალდება ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პროკურატურიდან გამოსული ხაზარაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ წულუკანის საგამოძიებო კომისია "ცირკია". 

"არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე, თუმცა იქვე ამბობს, რომ ყველა საქმეზე, მათ შორის კომპანია "მაგნატის" მფლობელის, ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის კითხვებს სასამართლოში უპასუხებს. 

პროკურორმა მაგდა ყიყინაშვილმა წამიყენა ბრალი, შესაბამისად. ხვალ სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ეს ბრალეულობა. რა მუხლიც არ უნდა იყოს ამ ბრალში, ან რანაირი სასჯელის არ უნდა იყოს მასში განსაზღვრული, ეს ვერანაირად შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ჩვანი ქვეყანა არის მიტაცებული, არჩევნები არის მიტაცებული, ქვეყანა არის გადასარჩენი.  ის კომისია არის ცირკი, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ჩვენს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ სამხედროებს და დაღუპულ გმირებს. 

ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ბოლომდე, ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფ გადატვირთვას საჭიროებს და მოთხოვნა - ახალი არჩევნები და პოლიტიკური  პატიმრების გათავისუფლება ძალაში რჩება. 

იმ ხალხის გასაგონად, მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, ის საკითხი, რომელიც ვითომდა აინტერესებს კომისიას, რომელიც სინამდვილეში დაკავებულია იმით, რომ დისკრედიტაცია მოგვაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო, პროკურატურა ბიძინა ივანიშვილისაა, მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები