პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

01.04.25 19:30
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მიმართა.

ონლაინ მიმართვისას საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანეთის პარლამენტს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია და მოსახლეობის უწყვეტი ოთხთვიანი პროტესტის შესახებ ისაუბრა, რომლის ძირითადი მოთხოვნები ახალი არჩევნების დანიშვნა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.

“5 თვეა, რაც ქუჩის პროტესტი გრძელდება, თუ ათვლას დავიწყებთ არჩევნებიდან და ზუსტად 4 თვე, თუ ავითვლით პრემიერის განცხადებიდან. პროტესტი ყოველდღიურია“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და მასში საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი მონაწილეობს, რადგან ფაქტობრივად ყველა, ერთგვარად თუ სხვაგვარად, რეპრესიული კანონების ზეწოლის ქვეშაა.

თუ სიტუაციას აღვწერთ, საქმე მხოლოდ არჩევნების მანიპულაციას და ჩვენი ევროპული გზის შეჩერების განცხადებას არ ეხება. ეს ეხება გზას, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და არჩევნების მიხედვით, მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს.

ამ განცხადების შემდეგ, ძალიან სწრაფად  გაგრძელდა პროცესი, რომელიც უკვე გასულ წელს დაიწყო, ე.წ. „რუსული კანონის“ გამო. ეს არის ზუსტად ის კანონი, რომელიც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად გამოიყენეს.

თუმცა საქართველოში ეს პროცესი წარმოუდგენლად სწრაფად მიმდინარეობს. ფაქტობრივად, თითქმის ყოველ მეორე დღეს ახალი კანონები მიიღება, რომლებიც ასევე, რუსული კანონების ასლია. ამასთან, რეპრესიების მეთოდებიც: ქუჩებში ძალადობა, ადამიანების გატაცება და გაუჩინარება მეტროდან და საკუთარი სახლებიდან და შემდეგ კი მათი პოლიციის განყოფილებასა ან ციხეში აღმოჩენა, ძალიან ჰგავს რუსულს.

აკავებენ ადამიანებს. სხვადასხვა პერიოდში დაკავებულთა რაოდენობა დაახლოებით, 400-ს შეადგენს. დაკავებულები არიან ზოგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, ზოგი კი სისხლის სამართლის ბრალდებით. მიუხედავად ამისა, პროტესტი სრულიად მშვიდობიანია, არც ერთი მოთხოვნა არ გასცდენია მშვიდობიან ჩარჩოებს და არ განხორციელებულა არანაირი ძალადობრივი ქმედება. დაკავებულთაგან დაახლოებით, 50 ადამიანი დღემდე ციხეში იმყოფება და მათ წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის ბრალდებები, რაც სასჯელის ვადას 7-დან 11 წლამდე ზრდის. რეალურად არავინ იცის, რა ჩაიდინეს მათ, მაგრამ ბრალდებები ჯგუფურ ძალადობასა და მსგავს ქმედებებს უკავშირდება.

ზოგიერთ მათგანს ედავებიან ჯგუფურ ძალადობას, ზოგს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვა. არსებობს ბრალდებების სხვადასხვა კვალიფიკაცია, მაგრამ მთლიანობაში, ისინი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებს კრიმინალებად წარმოაჩენს. მათ შორის არიან ახალგაზრდა ხელოვანები და მუსიკოსები. პროტესტის ამ 125 დღის განმავლობაში გადაღებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა ნათლად აჩვენებს, რომ ეს აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია იყო. ამიტომ, ასეთი ბრალდებების დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ისინი მაინც ძალაში რჩება, რადგან საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ფაქტობრივად აღარ არსებობს,- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები