სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

02.04.25 10:49
სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ბრალზე, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე13:00 საათზე იმსჯელებს.

უცნობია, თუ რა სახის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა პოლიტიკოსის მიმართ.

ხაზარაძეს თეა წულუკიანმა მისი თავმჯდომარეობით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არგამოცხადების გამო უჩივლა. 

„რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ეს ვერ შეაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა და არჩევნები მიტაცებულია“ - ასეთია ხაზარაძის პოზიცია, რომელიც მან გუშინ, პროკურატურასთან გააჟღერა. 

  • საქართველოს პროკურატურამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას შეეხება.

აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები გაერთიანების ლიდერების პროკურატურაში დაბარებას ივანიშვილის შურისძიებას უკაშირებენ. 

ძალიან მალე გაირკვევა ის, ეს იქნება საპატიმრო სასჯელი თუ რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვა, რომელსაც რეჟიმი მამუკა ხაზარაძეს დაუწესებს. ამავდროულად, ბადრი ჯაფარიძეც არის დაბარებული პროკურატურაში და ცხადია, რომ ეს იერიში არ არის შემთხვევითი. ივანიშვილისთვის ახლა ყველაზე დიდი თავის ტკივილი არის ძლიერი, დამოუკიდებელი და თვითკმარი "ძლიერი საქართველო", შესაბამისად, ეს იერიში, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს არის ამის აღიარება და იმის აღიარება, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილისთვის არის ძალიან სერიოზული თავისტკივილი და პრობლემა"- აღნიშნავს ბუაძე. 

სალომე სამადაშვილის შეფასებით,  „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მზარდი რეიტინგი დისკომფორტს უქმნის ბიძინა ივანიშვილს. 

მისივე შეფასებით, თეა წულუკიანის კომისია რუსეთის დავალებებს ასრულებს და შესაბამისად, კოალიციის არცერთი წევრი მასში მონაწილეობას არ მიიღებს: 

ძლიერი საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის. როგორც ჩანს, ის ხედავს, რომ ჩვენი მზარდი პოლიტიკური ძალა მისთვის არის დისკომფორტის შემქნელი.

მეორე, ამ კომისიის დანიშნულება არის რუსეთის დავალებების შესრულება და რუსეთის დავალებების შესრულებაში "ძლიერი საქართველო" და არცერთი მისი წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას, რითაც არ უნდა დაგვემუქროს რუსული რეჟიმი იქნება ეს ჯარიმა, ციხე თუ სხვა. 

ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით, აბსურდული იქნებოდა პატიმრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, ნუ მიიღებან იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა ამ ეტაპზე ივანიშვილს"- თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები