მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მან სხდომაზე დეტალურად წარადგინა ის არგუმენტები, რის გამოც ე.წ. საგამოძებო კომისიაზე არ გამოცხადდა.
ხაზარაძის თქმით, “მისი არ გამოცხადება არალეგიტიმურ კომისიაზე შეგნებული ნაბიჯი იყო.“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მზად არის ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ აქვთ, სასამართლოზე გასცეს პასუხი.
სხდომაზე წარვადგინეთ ის არგუმენტები, რატომ არ მივედი ე.წ. საგმოძებო კომისიაზე, ეს არ მისვლა იყო შეგნებული, ჩემი არგამოცხადება არალეგიტიმურ კომისიაზე არის შეგნებული ნაბიჯი. ასევე, დაისვა კითხვა, იქნა თუ არა შესწავლილი არალეგიტიმურობა ამ კომისიის, როცა პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ბრალის წაყენება და გამოძიება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ აქვთ.
მინდა დავფიქსირო ორი რამ: პირველი, არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე, როგორც მის მიერ შექმნილ კომისიას, ისევე როგორც არ აღიარებს მსოფლიო ცივილური სამყარო და დემოკრატიული ქვეყნები. ეს არის ჩემი ურყევი პროტესტი და ეს პროტესტი იქნება მყარი.
მეორე საკითხი კი ეხება იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში, “ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს ჩემი პიროვნული დისკრედიტაცია, სხვადასხვა მოგონილი საქმეებიდან გამომდინარე.
მე განვაცხადე სასამართლოში, მზად ვარ, მიუხედავად იმის, რომ 15 წლის წინანდელ აბსურდულ ზღაპრებს ყვებიან, პასუხები გავცე სასამართლოში,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადვოკატებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ 50 000-ლარიან გირაოს.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
გირაოს შეტანისთვის "ლელოს" ლიდერს 30 დღე მისცეს.