ეკა გიგაური: "პოლიციის განყოფილებაში ერთობიან იმით, რომ დაკავებულებს აშიშვლებენ"

02.04.25 14:47
ეკა გიგაური: "პოლიციის განყოფილებაში ერთობიან იმით, რომ დაკავებულებს აშიშვლებენ"

"პოლიციის განყოფილებაში ერთობიან იმით, რომ დაკავებულებს აშიშვლებენ" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა. 

მისი თქმით, სისტემური ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხვდება ყველა დაკავებული, განურჩევლად მისი სქესისა. 

გიგაურის შეფასებით, ამას სამართალდამცავები სრულიად უკანონოდ აკეთებენ. 

მესამე სექტორის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ეს ფორმა რეჟიმმა რუსეთიდან გადმოიღო.  

ეკა გიგაური კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პირადი შემოწმების დროს სხეულის სრული გაშიშვლება დაუშვებელია.

ჩვენს მაყურებელსაც რომ ავუხსნათ, პოლიციის განყოფილებაში ეს ადამიანები ერთობიან იმით, რომ დაკავებულებს აშიშვლებენ, ქალი იქნება ეს თუ კაცი. ამას აკეთებენ აბსოლუტურად უკანონოდ, მათ ამის უფლება არ აქვთ და ზოგ შემთხვევაში დაკავებულებმა შეიძლება იმ მომენტში  არ იცოდნენ თავიანთ უფლებები და ფაქტობრივად ამას იყენებენ.

ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა და ამის მიზანია, შეურაცხყოფა მაყენონ დაკავებულებს. შეურაცხყოფა ვის ადგება საბოლოოდ ეგ კიდევ საკითხავია, იმიტომ, რომ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ქართულ პოლიციას და იმ ადამიანებს, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, მათ ადგებათ შეურაცხყოფა.

რომ კითხო მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, "ქართული ტრადიციების" შესაბამისად მართავენ ქვეყანას - ეს არც ქართულია, არც ტრადიციული და საერთოდ არაფერი საერთო ქართულთან ამას არ აქვს. ეს არის რუსული მეთოდები, რომლებიც გადმოიტანეს და პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთობიან იმით, რომ ადამიანებს აშიშვლებენ პოლიციის განყოფილებებში, ამას აკეთებენ ესენი.

ეს არის რუსული და მათ ჰგონიათ, რომ ვიღაცა ამის გამო გაჩერდება, არავინ არ ჩერდება -  პროტესტი გაგრძელდება, მაინც გაგრძელდება წინააღმდეგობა. თქვენ ხედავთ, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ეს წინააღმდეგობა, თუმცა კიდევ ერთხელ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რით არიან დაკავებულები პოლიციელები იზოლატორებში და მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტონით პოლიციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიციელი ასეთი არ არის, ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ ვინ არიან კონკრეტულად ის პოლიციელები, ვინც ამას აკეთებენ და სამწუხაროა, რომ იქ არიან ქალები.

წარმოიდგინეთ, მოძალადე ქალი პოლიციელები, რომლებიც, კიდევ ერთხელ, არიან დაკავებულები იმით, რომ გაკოჭავენ ხოლმე ადამიანს და აშიშვლებენ, ეს რა უბედურებაა, ეს არის ნორმალური ახლა ამ ქვეყნისთვის? ეს აბსოლუტურად მიუღებელი არის და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ პრაქტიკას"- თქვა გიგაურმა. 

ასევე ნახეთ: 

  • არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურებიან, ამასთან, საუბრობენ კადრების გამოქვეყნებით დაშინების მცდელობაზე და მიუთითებენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე, მეორადად ტრავმირების მცდელობაა.

  • პოლიციელები, რომლებმაც, ელენე ხოშტარიაზე იძალადეს - NGO-ები გვარებს ასახელებენ