ოხანაშვილის სუს-ის უფროსად გადაყვანა კომიკურია, ეს უწყება გააშარჟეს - ეკა ბესელია
"ქართულ ოცნებაში ძლიერი კრიზისია" - ასე აფასებს ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სუს-ის ერთ დროს ოლიგაქრის მთავარ დასაყრდენს, გრიგილ ლილუაშვილს დაატოვებინეს.
პოლიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ლილუაშვილის პოსტიდან გაშვება სანქციების ეფექტი იყოს.
რაც შეეხება ანრი ოხანაშვილის სუს-ის შეფად გადაყვანას, ბესელია ფაქტს "კომიკურს" უწოდებს და ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "გააშარშეს":
ლილუაშვილს ჰქონდა დრო დარჩენილი, ჯერ კიდევ ოქტომბრამდე, ამიტომ, როდესაც ვადაზე ადრე ხდება მისი ამ პოზიციიდან გადანაცვლება სრულიად სხვა მიმართულებით, როგორც არ უნდა ახსნას ეს მმართველმა პარტიამ, ეს აჩვენებს, შიდა, ძალიან ძლიერ კრიზისს, რომელიც გარე, საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის სანქციების ზეწოლის შედეგიც არის.
ოხანაშვილის პოზიციას რაც შეეხება, ძალიან კომიკური გახდება უკვე ეს სამსახური. ის, სადაც ეს ადამიანი შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება წარმოიდგინო სერიოზულად. თან ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება ქვეყანაში, რომელიც უსაფრთხოებას იცავს, ასე გააშარჟო, რომ ოხანაშვილს ჩააბარო ეს უწყება - განახცადა ეკა ბესელიამ.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ანრი ოხანაშვილი სუსის ხელმძღვანელი ხდება, იუსტიციის მინისტრად პაატა სალიას დანიშნავენ.