სააკაშვილი: ის რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება პოლიტიკური დევნაა

02.04.25 16:01
სააკაშვილი: ის რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება პოლიტიკური დევნაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, “მას მამუკა ხაზარაძე პოლიტპატიმრობის კანდიდატად მიაჩნია“.

“პოლიტიკური დევნაა, რაც მის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება“, -ამბობს სააკაშვილი.

სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის და ჩემი პროცესების, რათა ხალხმა არ გაიგოს სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვერაფრით ათქმევინეს მამუკა ხაზარაძეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, მე მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრობის კანდიდატად. პოლიტიკური დევნაა, რაც მის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება. ისევე როგორც, მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ბიჭებისა და ქალბატონების მიმართ, რომლებიც უკანონოდ, უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული, პოლიტიკური დევნის ქვეშ იმყოფებიან და პოლიტიკური პატიმრები არიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ესწრება.