საქალაქოში ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რა კითხვები დაუსვეს პროკურატურის წარმომადგენლებმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე.
ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გიორგი გაბიტაშვილის უწყების თანამშრომლები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე დაბარების თარიღი - "აინტერესებდათ როდის გავიგე დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რა პირობებშიო გავიგე, მივიღე თუ არა შეტყობინება".
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კვლავ გაიმეორა, რომ მიუხედავად სასამართლოში დაბარებისა, მაინც არ აპირებს ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებას - "წულუკიანი ივანიშვილის დავალებით ეწევა ცილისმწამებლურ კამპანიას ჩვენ მიმართ, შესაბამისად, მე ამ კამპანიაში მონაწილეობას არ ვაპირებ".
ჩვენ გვქონდა შეხვედრა პროკურორებთან მოსამართლის თანდასწრებით. მათ დამისვეს კითხვები, რომლებზეც პასუხი გავეცი. ასევე გვქონდა საუბარი ჩემს პოსტთან დაკავშირებით, სადაც გამოხატული მაქვს პოზიცია ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიმართ. სასამართლო დარბაზში ვთქვი, რომ ეს არის გაგრძელება დისკრედიტაციის, პროპაგანდისტული კამპანიის ჩვენ წინააღმდეგ, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, "ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ. ეს პოზიცია არ დამიმალავს და ეს პოზიცია არის სრულად გამოხატული ჩემივე პოსტში, რომელიც გავაკეთე საჯაროდ.
ქალბატონი წულუკიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით და საჯაროდ არაერთხელ გაუვრცელებია ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი განცხადებები, მის განცხადებაზე მისვლას საერთოდ არ ვაპირებ, რადგან ეს ადამიანი ეწევა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ცილისმწამებლურ კამპანიას ჩვენ მიმართ, შესაბამისად, მე ამ კამპანიაში მონაწილეობას არ ვაპირებ.
მე ვერ გეტყვით. მოლოდინი ამ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, როცა ყველა ინსტიტუცია მიტაცებული აქვს ივანიშვილს, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ პოზიტიური მოლოდინი არ უნდა გქონდეს კანონიერი გადაწყვეტილების თვალსაზრისით. უკანონო გადაწყვეტილებას იღებს სისტემა. ამ ცილისმწამებლურ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს, პოლიტიკური ოპონენტების გაშავება, სიბინძურის გავრცელება უდანაშაულო ადამიანების ირგვლივ და ცხადია, რომ ეს მათი სტილია. ჩვენ ამას ვუპასუხებთ მშვიდად და იმით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვცნოთ უკანონო პარლამენტის ლეგიტიმურობა. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ხაზს, რომელიც დღემდე გვქონდა. ე.წ. კომისია შექმნილია კონსტიტუციის დარღვევით, ამ კომისიის ამოცანა სიმართლის დადგენა არ ყოფილა. მისი ამოცანაა ადამიანების გაშავება, პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება. ამის ხელშეწყობა არის დათანხმება ამ ძალადობრივი რეჟიმის მეთოდებზე.
პროკურორებს აინტერესებდათ საკითხები, როდის გავიგე დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რა პირობებშიო გავიგე, მივიღე თუ არა შეტყობინება. ასეთი კითხვები იყო. ის ადამიანი, რომელიც კომისიაზე იყო მისული, მან თქვა, რომ პრეტენზია ჰქონდა კალაძესთან და დღევანდელ ხელისუფლებასთან. ჩვენ ამაზე ვთქვით, რომ ის ადამიანი, ვინც დააკავა, პროკურორი, დღესაც ჩემი ინფორმაციით, მუშაობს პროკურატურის სისტემაში. ის მოსამართლე, რომელმაც მიუსაჯა ამ ადამიანს 10 წლით პატიმრობა, დაწინაურდა "ქართული ოცნების" პირობებში". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძემ წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, მის წინააღმდეგ თეა წულუკიანმა პროკურატურას მიმართა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკოსის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულია, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეცა, ბადრი ჯაფარიძე კი პროკურატურის ნაცვლად მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცა ჩვენება.