ლილუაშვილს თანამდებობა დროზე ადრე დაატოვებინეს - სუსს კობახიძის კადრი უხელმძღვანელებს
უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გრიგოლ ლილუაშვილს არ დასცალდა. სუს-ის უფროსს ეგონა, რომ თანამდებობაზე 2025 წლამდე დარჩებოდა და ვადის გასვლის შემდეგ პოლიტიკასაც დაემშვიდობებოდა, თუმცა არც ერთი მოლოდინი გაუმართლდა და არც მეორე. სუს-ის დატოვება მას 7 თვით ადრე გადაუწყვიტეს.
კაცი, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება და სპეცსამსახურები ებარა, რეგიონულ განვითარებას ჩაიბარებს. როგორც "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ყვებიან, ლილუაშვილი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით სანდო კადრი იყო, ის არც კობახიძის კლანშია და არც ღარიბაშვილის.
მას ოლიგარქთან პირდაპირი კვეთა აქვს. ლილუაშვილმა ლიდერს ერთგულება ჯერ ქართუ ბანკში დაუმტკიცა და შემდეგ მნიშვნელოვანი თანამდებობაც ერგო, თუმცა ფაქტია, რომ რაღაც მოხდა და ეს რაღაც, ერთ-ერთი მოსაზრებით, სავარაუდოდ გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გასვლას ეხება.
ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ლილუაშვილი იცვლის მხოლოდ სტატუსს, ფუნქცია კი იგივე რჩება. "ქართული ოცნების" ოპონენტების შეფასებით, მთავარი მიზანი ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებაა, რაც ოლიგარქს ახლა ადგილობრივ არჩევნებზე სჭირდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლილუაშვილი ახლა რეგიონებს გააკონტროლებს, ზუსტად ისე, როგორც ამას საპარლამენტო არჩევნების დროს აკეთებდა.