პარლამენტის შენობაში რუსეთი საქართველოს გასამართლებას ცდილობს - ნაცვლიშვილი

03.04.25 00:00
პარლამენტის შენობაში რუსეთი საქართველოს გასამართლებას ცდილობს - ნაცვლიშვილი

"პარლამენტის შენობაში რუსეთი საქართველოს გასამართლებას ცდილობს" - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი წულუკიანის  საგამოძიებო კომისიას. 

ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო ბადრი ჯაფარიძეზე და მამუკა ხაზარაძეზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე მათი დაკავებით დასრულდეს. 

ეს არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ იფიქროს, რომ აქ რაღაც პოლიტიკოსებს შორის არის დავა და ვერ დაინახოს, რომ სინამდვილეში დავა რუსეთსა და საქართველოს შორის და ძალიან დრამატული, რომ ეს დავა პარლამენტის შენობაში არის გადმონაცვლებული. ინსტიტუცია, რომ არ არის მაგ შენობაში გასაგებია, მაგრამ მძიმე საყურებელია, რომ პარლამენტის შენობაში რუსეთი ცდილობს გაასამართლოს საქართველო.

ეს ძალიან ვერაგი გათვლა არის და ის დამოკიდებულება, რომელიც მათ გამოაჩინეს გენრელებისა და შესაბამისად ქართული ჯარის მიმართ, არის სწორედ რუსული დამოკიდებულება. არ შეიძლება სახელმწიფოებრივად აზროვნებდე და ასეთი, რამ მოუწყო საკუთარი ჯარის წარომადგენლებს.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს ეს პროცესი არ დამთავრებულა. სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ გრძელდება. ამ საქმის ორიდან ერთ სცენარი გახდება ბოლოს ფაქტი. ამ კომისიაზე არ გამოცხადების გამო აღძრულის საქმე შეიძლება დამთავრდეს მათი ციხეში ჩასმით საბოლოოდ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძემ წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, მის წინააღმდეგ თეა წულუკიანმა პროკურატურას მიმართა. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკოსის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულია, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეცა, ბადრი ჯაფარიძე კი პროკურატურის ნაცვლად მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცა ჩვენება.