მნიშვნელოვანი შეფასებაა, საჭიროა სასანქციო პოლიტიკის გამკაცრება - ბოკუჩავა OSCE/ODIHR დასკვნაზე
აგენტების კანონთან დაკავშირებით OSCE/ODIHR-ის შეფასებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა "მნიშვნელოვანს" უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საჭიროა "ოცნების" წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის გამკაცრება, რადგან მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ქვეყანა უფსკრულიდან მობრუნდეს.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, როგორიც არის ეუთო, ვენეციის კომისია, მაგრამ ივანიშვილის შეფასების ხარისხი უკვე გასცდა ყველანაირ შეფასებას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამკაცრდეს სასანქციო პოლიტიკა, რადგან ეს არის ერთადერთი, რაც ივანიშვილს სტკივა და რაც ჩვენს ქვეყანას მოაბრუნებს იმ უფსკრულიდან, სადაც ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ FARA-ს კანონთან დაკავშირებით ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - ODIHR წერს, რომ კანონი ზრდის შეშფოთებას იმ ნეგატიური გავლენის გამო, რომელიც მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ექნება.
ODIHR-ის დირექტორი, მარია ტელალიანი პირდაპირ აცხადებს, რომ "კანონი სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, დიდ დარტყმას აყენებს".