"ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, საქართველო იქცეს რუსეთის პერიფერიად" - თინა ბოკუჩავა
"ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, საქართველო იქცეს რუსეთის პერიფერიად" - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება ჩინურ კომპანიას მისცეს.
პოლიტიკოსის თქმით, ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველომ მიიღო გაფრთხილება რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში არადასავლური გავლენის არსებობა მიუღებელია.
ამერიკული ინვესტიციების ჩინურით ჩანაცვლება კი ბოკუჩავას აზრით საქართველოში რუსულ გავლენას უხსნის გზას.
თქვენ გახსოვთ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, როდესაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვიზიტი განახორციელა საქართველოში, ღიად თქვა, რომ დაუშვებელი იყო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში, ჩინური ან მოჩვენებითი მეგობრებით ჩანაცვლება. მათი ინვესტიციები იყო კატეგორიულად მიუღებელი და ეს არ წაადგებოდა არც საქართველოს, არც აშშ-ს და არც ორმხრივ ურთიერთობას. ამიტომ, დონალდ ტრამპის გარემოცვა ძალიან კარგად არის ინფორმირებული და ივანიშვილმა სწორედ ეს გააკეთა, რომ განდევნა ამერიკული ინვესტიციები და ჩაანაცვლა ჩინური ინვესტიციით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ვერ მოხდება, რადგან საქართველო სხვა გეოპოლიტიკურ როლს შეიძენდა, თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო იყოს მივიწყებული და იქცეს რუსეთის პერიფერიად, რომელსაც ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არაერთგზის არის სანქცირებული.
China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა.