რატომ არ იცვლება პოლიტიკური ტონი ვაშინგტონიდან - "ოცნება" ტრამპს აკრიტიკებს
"ქართული ოცნება" დონალდ ტრამპს აკრიტიკებს - ივანიშვილის გუნდი უკმაყოფილოა, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. კახა კალაძე ამბობს, რომ ჰქონდა მოლოდინი, ახალი ადმინისტრაცია "ოცნების" ლიდერებისთვის დაწესებულ სანქციებს გადახედავდა, თუმცა ასე არ მოხდა.
"ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ტრამპმა "დიფ სთეითის" დამარცხება ვერ მოახერხა.
ჩვენ სამი წლით ადრე დავიწყეთ "დიფ სთეითზე" საუბარი. მაშინ, როდესაც ვერავინ ბედავდა ამაზე საუბარს და გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი მქონდა იმის, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეტყოდა ამ ყველაფრისთვის. თუმცა, დღეს ვართ მოლოდინის რეჟიმში. ბაიდენის ადმინისტრაციამ, მაგალითისთვის მომყავს, ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, რომ ვითომ მას რაღაც ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან. დღეს რას ვხედავთ? ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციით პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, საუბრობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. "მაგნიცკის სიაშია" ჩვენი შს მინისტრი ვახტანგ გონმელაური და არავის მოუხსნია სანქციები.
ჩვენ ბევრ განცხადებებს ვისმენთ "დიფ სთეითთან" ბრძოლაში. მოცემულობა, რაც დგას დღეს მსოფლიოში, რომ ახალი ადმინისტრაცია ამ ყველაფერს დაამარცხებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და კონკრეტიკა არ არსებობს", - ამბობს კალაძე.
"პირველების" კითხვაზე, ხედავს თუ არა "ოცნება" აშშ-თან ურთიერთობების დალაგების პერსპექტივას, კალაძე ასე პასუხობს: "ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მერე დანარჩენი ყველაფერი".
"ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აშშ-ის კრიტიკას წინ ზაზა შათირიშვილის წერილი უძღოდა. ექსპერტის, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებით ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებს.
ეს უკანასკნელი წერს რომ დონალდ ტრამპი ეგრეთწოდებულ "დიფ სთეითს" დაემორჩილება.
პროსახელისუფლებო ექსპერტის გზავნილს აფასებენ "ლელო - ძლიერ საქართველოში". გრიგოლ გეგელიას თქმით, შათირიშვილის საპარეზზე გამოსვლა ყველთვის "ქართული ოცნების" კრახს მიუთითებს:
მე მივესალმები ბატონი შათეიშვილის გამოსვალს ასპარეზზე. ის ყოველთვის გამოდის ხოლმე მაშინ, როდესაც ქართული ოცნება განიცდის ხოლმე კრახს. და ძალიან მიხარია, რომ ქართული ოცნება ხვდება, რომ ის პროპაგანდისტული ბოლი, რაც დააყენეს, რომ თურმე 20 იანვრის შემდგომ პერიოდში მათ ექნებოდათ თვისობრივად გაუმჯობესებული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებტან, ამ პროპაგანდისტულმა ბოლმა განიცადა კრახი და მათ მოუხდათ, რომ გამოეგორებინათ ზაზა შათეიშვილი თავისი ტრადიციული კოსმოლოგიური ბოდვებით დიფ სთეითის შესახებ.