"ოცნება" ტრამპის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავს - ივანიშვილის გუნდს სანქციების მოხსნა სურს

03.04.25 15:58
"ოცნება" ტრამპის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავს - ივანიშვილის გუნდს სანქციების მოხსნა სურს

"ქართული ოცნება" ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ - ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა "დიფ სთეითის" დამარცხება ვერ შეძლო, რადგან სანქციები, რომელიც "ოცნების" მაღალჩინოსნებს აშშ-ს წინა ხელისუფლებამ დაუწესა, ჯერ ისევ ძალაშია.

ამასთან, "ოცნებას" არც რაიმე კომპრომისზე წასვლა სურს. არჩილ გორდულაძე დღეს ამტკიცებდა, რომ არასწორია, როდესაც მათ რაიმეს დამტკიცებას სთხოვენ. 

სტრატეგიულ პარტნიორებს არ სთხოვენ რაიმეს დამტკიცებას. პირიქით, სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის თანასწორობა იმას ნიშნავს, რომ თანასწორები ვართ. როდესაც ბატონი ტრამპის ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს დიფ სთეითის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა, ამავდროულად, დიფ სთეითისვე დასანქცირებულ, მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ვიცე პრემიერს, მოსამართლეებს და სხვა თანამდეობის პირებს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ, პირდაპირ დიფ სთეითის მიერ დასანქცირებულები არიან, მათ შორის, ჩვენი გუნდის დამფუძნენებლი, ბატონი ივანიშვილიც დასანქცირებულია დიფ სთეითის მიერ, მათ წინააღმდეგ ეს სანქციები არ შემცირებულა, რაც ძალიან სამწუხაროა.

დიფ სთეითი დამარცხების გზაზეაო, არ შეუძლია, თქვას არავინ, სანამ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე არ იქნება ეს შედეგი დამდგარი. რა იგულისხმება ამ ყველაფერში? რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მიმართ ეს აგრესია, თითის ქნევა, შანტაჟი არ დასრულდება, მანამდე დიფ სთეითი ვერ დამარცხდება, - ამბობს გორდულაძე.

დავით მათიკაშვილი კი ირწმუნება, რომ "ოცნება" ამერიკასთან ურთიერთობების გადასატვირთად მზადაა, თუმცა ამას აშშ დიფ სთეითის გამო ვერ ახერხებს.

საქართველო არის მზად ურთიერთობის გადატვირთვისთვის და ეს ყველაფერი არის დამოკიდებული, ცხადია, იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება ეს ჯვაროსნული ლაშქრობა ან მისი მსგავის დიფ სთეითის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობს. ის ქმედებები, რომელიც წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ჩვენი ხელისუფლების განხორციელებული, არ არის უკან წაღებული. ეს არის მძიმე ფაქტი. ყოველგვარი არგუმენტის, მტკიცებულებების გარეშე ხელისუფლების წარმომადგენლების, კონკრეტული პარტიის დამფუძნებლების დასანქცირება. ბუნებრივია, რომ ბევრ კითხვის ნიშნებს იწვევს არა მხოლოდ ამ დასანქცირებაზე, არამედ დღესაც, როცა არ ხდება ამ ყველაფრის უკან წაღება, - ამბობს მათიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აშშ-ის კრიტიკას წინ ზაზა შათირიშვილის წერილი უძღოდა. ექსპერტის, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებით ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებს. 

ეს უკანასკნელი წერს რომ დონალდ ტრამპი ეგრეთწოდებულ "დიფ სთეითს" დაემორჩილება.