ეუთო-ოდირის კრიტიკა ოცნების კანონებს - რას ამბობენ ოპოზიციაში
"ქართული ოცნების" დრაკონული კანონებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მძიმე შეფასებებზე ოპოზიციაში პირველი კომენტარები კეთდება.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონების მთავარი მიზანი, რეპრესიების განხორციელება და ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამძაფრებაა.
მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდი ავტოკრატიულ რეჟიმს ამკვიდრებს, მაგრამ თან არ უნდა, მას "რუსული სახელი" დაერქვას.
"ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონები რეპრესიების განხორციელებას, გამძაფრებას ემსახურება. რაც არ უნდა დაარქვან, ხან "ფარას" არქმევენ, ხან "ევროპულ კანონმდებლობას" , ხანაც ბრიტანულს კანონმდებლობას არქმევენ მედიასთან მიმართებაში, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი არის რეპრესიებისთვის გამიზნული და ქვეყნის გარედანაც ანალოგიური შეფასებები მოდის ბუნებრივია. მათ უნდათ, რომ ავტორიტარიზმი განამტკიცონ, და თან უნდათ, რომ სახელი არ დაერქვათ რუსული და ეს ასე ვერ გამოვა - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ.
"ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი
ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და „FARA-ს ქართული თარგმანს" უკან არ წაიღებს.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ერთადერთი, რაც გავლენას მოახდენს "ქართულ ოცნებაზე" და ბიძინა ივანიშვილზე ეს სანქციებია, რადგან პოლიტიკური დიალოგი მათთვის გასაგები არ არის.
ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, როგორიც არის ეუთო/ოდირი, როგორიც არის ვენეციის კომისია, თუმცა ივანიშვილის ავტოკრატიის ხარისხი უკვე გაცდა ყოველგვარ შეფასებაზე დაქვემდებარებას და შეფასების შესმენას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამკაცრდეს სასანქციო პოლიტკა, იმიტომ, რომ ეს არის ის ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს სტკივა და რაც ივანიშვილს მოაბრუნებს ამ უფსკრულიდან და გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას იმ ქაოსიდან და ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილის მმართველობამ შეიყვანა. - ამბობს "ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა.
პარტია "გახარია - საქართველოსთვის " წევრი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ "ოდირის" მიერ გამოქვეყნებული განცხადება წარმოადგენს ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების რეალურ პოზიციას.
"ევროპელები ძალიან მკაცრად რეაგირებენ, განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის შემზღუდველი კანონმდებობის მიღებით" - როდესაც "ოდირი" აქვეყნებს ასეთ განცხადებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ამ ორგნიზაციაში არის გაწევრიანებული და ასევე ის ქვეყნები, რომლებიც თანამშრომლობენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, იზიარებენ ამ პოზიციას და თუ არ იზიარებენ, მაშინ ისინი აუცილებლად განსხვავებულ აზრს დააფიქსირებენ. - ლევან გოგიჩაიშვილი - პარტია "გახარია - საქართველოსთვის " წევრი
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ქართული ოცნების” მიერ „FARA-ს ქართული თარგმანის” მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კანონი ზრდის შეშფოთებას იმ ნეგატიური გავლენის შესახებ, რაც მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ექნება.
იხილეთ განცხადება ბმულზე