"ოცნებამ" აშშ-თან ურთიერთობების დალაგებაზე ხელი ჩაიქნია - ექსპერტები

03.04.25 17:35
"ოცნებამ" აშშ-თან ურთიერთობების დალაგებაზე ხელი ჩაიქნია - ექსპერტები

რატომ არ გამოსდის "ქართულ ოცნებას" შტატებთან ურთიერთობების დალაგება? პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, რაზეც ამერიკა თვალს ვერ დახუჭავს. მათი თქმით, ოლიგარქი და მისი მსახურები მხოლოდ საკუთარ კომფორტზე არიან ორიენტირებულები და აშშ-ს პირობების შესრულებაც სწორედ ამ მიზნით არ სურთ.  

აღმოჩნდა, რომ ტრამპის პირობებშიც ვერ ლაგდებიან, იმიტომ, რომ ისეთი წითელი ხაზებია, რომლებზეც ამერიკა ვერ დახუჭავს თვალს და ახლა უკვე სხვა ფირფიტა გაუშვეს, რაზე ამბობენ, რომ ვაიმე, თურმე, დღეს რაც ვიხილეთ, შათირიშვილის წერილში, რომ ამერიკაშიც მაინც დიფ სთეითი მძალოვრობს. კი ებრძვის ტრამპი, მაგრამ ვერ ახერხებს. ეს როგორ არის, იცით? მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკაშიც, უძლიერეს ინსტიტუტებში, უძლიერეს ფინანსურ სისტემაში დიფ სთეითი შესულია, აქ ვერ მოახერხა. ეს იმიტომ, რომ შათირიშვილი და მამუკა მდინარაძე სარფთან დგანან და იგერიებენ ყოველ დღე დიფ სთეითს. ასეთ სისულელეებზე ვართ გადასულები. ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ხდება: იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მსახურები იყვნენ კომფორტულად, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ "ოცნებას" ტრამპის ადმინისტრაციის ლმობიერებასთან დაკავშირებით იმედები გაუცრუვდა და ამიტომ ახლა უკვე ღიად აკრიტიკებს. 

ექსპერტი ფიქრობს, რომ აშშ-ს "ოცნებისადმი" მოთხოვნა ნათელია და ის ახალ არჩევნებს და პოლიპატიმრების გათავისუფლებას უკავშირდება.

დიფ სთეითს თუ დაამარცხებს კი არა, დიფ სთეითი ვერ დაამარცხა ტრამპმა და მეტიც, თურმე, რომ ტრამპი და ბაიდენი ორივე დიფ სთეითის წარმომადგენელია. ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ის, რის მიღწევასაც ცდილობდა, იმაზე ხელი ჩაიქნია, იმიტომ, რომ ტრამპთან მაინც მორიდებით იყვნენ და დღეს უკვე ეს მორიდება გაქრა.

მოთხოვნები გასაგებია რაც არის, რომ დემოკრატიული მანდატი უნდა მოიპოვოს "ქართულმა ოცნებამ" იმისთვის, რომ რაიმე ტიპის ურთიერთობების გადატვირთაზე ილაპარაკოს აშშ-თან, მოსახლეობის სურვილები და აზრები უნდა გაითვალისწინონ, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ადამიანები აღარ უნდა დაიჭირონ და ვინც დაჭერილია, ისინი უნდა გამოუშვან. ეს იქნებოდა, სავარაუდოდ, მოთხოვნა და ამ მოთხოვნას არ ასრულებს "ქართული ოცნება", - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე.  

ამავე აზრს იზიარებს ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილიც. მისი თქმით, "ოცნებას" მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს ხელისუფლებაშ უპირობოდ დარჩენაა.  

მთავარი მოტივაცია "ქართული ოცნებისთვის" არის უპირობოდ ხელისუფლებაში დარჩენა. ამიტომაც არის, რომ მთავარ პრობლემად მიაჩნიათ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ არ ვესწრებოდით ელჩის შეხვედრას ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან, მაგრამ, მემგონი, იქ ძალიან ნათლად იქნა წარმოდგენილი ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას "ქართულმა ოცნებამ" და ვფიქრობ და ვვარაუდობ, რომ ამ ნაბიჯებში აუცილებალდ იყო ნახსენები ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ პრობლემის ირგვლივ არის მთელი დაძაბულობა, რაც აქვს "ოცნებას" აშშ-თან და ევროკავშირთან, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლებების ხელმძღვანელი ვალერი ჩეჩელაშვილი. 

"ქართული ოცნება" დონალდ ტრამპს უკვე ღიად აკრიტიკებს.  ივანიშვილის გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა "დიფ სთეითის" დამარცხება ვერ შეძლო, რადგან სანქციები, რომელიც "ოცნების" მაღალჩინოსნებს აშშ-ს წინა ხელისუფლებამ დაუწესა, ჯერ ისევ ძალაშია. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აშშ-ის კრიტიკას წინ ზაზა შათირიშვილის წერილი უძღოდა. ექსპერტის, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებით ივანიშვილის სათქმელს ახმოვანებს. 

ეს უკანასკნელი წერს რომ დონალდ ტრამპი ეგრეთწოდებულ "დიფ სთეითს" დაემორჩილება.