შეაჩერებს თუ არა EU საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას - ევროკავშირი გადამწყვეტი ზომების მისაღებად ემზადება
"ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადახედვა ახლა უკვე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი მსჯელობს იმ გზებზე, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებს შეაჩერებს.
"ქართული ოცნება" აქამდე მშვიდად იყო, რომ ევროკავშირში ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებას უნგრეთი და სლოვაკეთი დაბლოკავდნენ, თუმცა დღეს ოლიგარქის გუნდს ბრიუსელიდან შეახსენეს, რომ სანქციების ერთ ნაწილს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება და 15 ხმაც საკმარისია.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს შესახებ და თქვეს, რომ რეჟიმის პირისპირ ხალხის მიტოვებას არ აპირებენ. ევროკავშირის მოთხოვნებს "ქართული ოცნება" ინტერპრეტაციას უკეთებს, რადგან ვრცელ განცხადებებს არ კითხულობენ და არ ესმით, ამიტომ დღეს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა სამი წინადადებით ჩამოწერა, რა უნდა გააკეთოს რეჟიმმა.
გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები, შეწყვიტეთ რეპრესიები და დაიწყეთ დიალოგი - ეს არის 3 ნაბიჯი, რომელიც იზოლაციაში მოქცეულმა რეჟიმმა უნდა გადადგას, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს.