ივანიშვილის ოცნების კოშკები იმსხვრევა - ოლიგარქის გუნდი ტრამპის ღია კრიტიკაზე გადადის
ივანიშვილის ოცნების კოშკები იმსხვრევა - ოლიგარქს ტრამპის ქება ვეღარ შველის. 20 იანვრიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და ვაშინგტონის ტონი არ იცვლება, სანქციებიც ადგილზეა და პირობებიც. ახალი პრეზიდენტით იმედგაცრუებამ თავი დიდხანს ვერ დამალა და დღეს ივანიშვილის თანაგუნდელების კომენტარებში ამოხეთქა. "ოცნებამ" დონალდ ტრამპის ღია კრიტიკა დაიწყო.
ფრთხილი შეტევა ივანიშვილმა წინასწარ დაგეგმა და სასაუბროდ საფუძველი ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილით შექმნა. ეს ოლიგარქთან მჭიდროდ დაახლოებული ფილოსოფოსია. ბევრი ამბობს, რომ მას ასეთ წერილებს კრიტიკულ მომენტში ივანიშვილი აწერინებს და აქვეყნებინებს. ანუ, როცა შათირიშვილი წერს, ივანიშვილი ლაპარაკობს. სწორედ ამ წერილში დაიწერა, რომ დონალდ ტრამპი "დიფ სთეითის" ნაწილი გახდება და მისი მარცხი გლობალური ომის პარტიასთან, ფაქტობრივად, გარდაუვალია. ასე შეამზადა ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩეველი წინასწარ ამერიკასთან ურთიერთობის საბოლოო დასასრულისთვის.
ეს წერილი მას შემდეგ დაიწერა, რაც "ქართულ ოცნებას" ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ურთიერთობის აღდგენისთვის საჭირო პირობები ელჩის მეშვეობით შემოუთვალა. ორი დღის წინ რობინ დანიგანი ლევან დავითაშვილს შეხვდა. მანამდე იყო დახურული აუდიენცია მაკა ბოჭორიშვილთან და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი განცხადება ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, სადაც ვაშინგტონი მკაფიოდ ამბობს, რომ "ოცნებას" დემოკრატიულ მანდატს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დევნა და პოლიტპატიმრების არსებობა ვერ მოუტანს.