"ოცნებამ" იცის, რომ არჩევნების ჩანიშვნა მოუწევს, გაყალბების ლეგალიზებაც ამას ემსახურება - ზურაბიშვილი

04.04.25 13:19
"ოცნებამ" იცის, რომ არჩევნების ჩანიშვნა მოუწევს, გაყალბების ლეგალიზებაც ამას ემსახურება -  ზურაბიშვილი

გაყალბების ლეგალიზება მიანიშნებს, რომ "ოცნება" შეშინებულია და არჩევნებისთვის ემზადება, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ივანიშვილის გუნდის კარუსელის ლეგალიზებით ახალი არჩევნების ჩასანიშნად ემზადება და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ოპოზიციაც მზად იყოს. ზურაბიშვილი გამოსავალს დამკვირვებლების მობილიზაციაში ხედავს. 

დღეს ბადრი ჯაფარიძე არის პროკურატურასთან და ელოდება ბრალის წარდგენას. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ რეჟიმი ცდილობს, რეპრესიებით შეგვაშინოს, დაწყებული პროტესტის ხალხისგან, გაგრძელებული პოლიტიკურ სპექტრზე.

საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს რეჟიმი თუნდაც საარჩევნო კუთხით. ცესკოში შევიდა ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ, ერთი, აღიარებაა იმის, თუ რა ფორმით მიდიოდა, ერთ-ერთი ფორმა, ყოველ შემთხვევაში, გაყალბების, რომ არ სთხოვდნენ ადამიანების პირადობის მოწმობებს და დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ლეგალიზება ამ გაყალბების ფორმის ან კარუსელების ლეგალიზება. ეს არის მაჩვენებელი, რომ ძალიან ნერვიულობენ და ემზადებიან არჩევნებისთვის. 

ვისაც აქვს ეჭვი, რომ იძლებულები გახდებიან რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს, უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, თუ რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველაფერს აზღვევენ. 

ჩვენც უნდა მზად ვიყოთ და მზადყოფნა, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება, ეს არის სწორი გზა, - განაცხადა პრეზიდენტმა.