კობახიძემ მოსამართლეებს დღეს მადლობები უხადა - შეხვედრაზე დასანქცირებული მურუსიძეც იმყოფებოდა
ირაკლი კობახიძემ დღეს მოსამართლეებს მადლობები უხადა. ივანიშვილის დანიშნული პრემიერი, უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან წინასწარ დაწერილი სიტყვით მივიდა.
კობახიძესთან შეხვედრაზე მივიდა ლევან მურუსიძეც, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე დღის წინ დაასანქცირა.
კადრებში არ ჩანს მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც ასევე ბრიტანული სანქციების ქვეშ მოექცა.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევა უკავშირდება სწორედ სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაჯანსაღებას და ამ შედეგში თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. რომ არა მოსამართლეები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებით სასამართლო სისტემას, სამართალს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის ცვლილებები არ დადგებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი წვლილისთვის იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გვექნება ძალიან ბევრი წარმატებები და მუდმივი პროგრესი ამ მიმართულებით
სანქციები არის პოლიტიკური ჩარევის ყველაზე უხეში მცდელობა, ამ მცდელობასაც ვერ ექნება ვერავითარი შედეგი, მაგრამ თავისთავად ეს იმსახურებს უკვე ძალიან ღრმა შეშფოთებას, ეს არის ტრაგიკული მოვლენა არა იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა მიმართაც სანქციები მოქმედებს, არამედ იმ ქვეყნებისა და სუბიექტებისთვის, რომლებიც ასეთი საქმით არიან დაკავებული, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.