PACE "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე 7 აპრილს იმსჯელებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 7 აპრილს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე დებატებს გამართავს - ამის შესახებ ცნობილი PACE-ს ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციიდან ხდება.
ცნობისთვის, PACE-ში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება ნაწილობრივ აღიარებულია. ევროპის საბჭომ ზამთრის სესიაზე ივანიშვილის რეჟიმს შემდეგები პირობები წაუყენა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც "ოცნების" დელეგაციას სრულად აღიარებს:
- თუ მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, თუ 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
- აპრილში, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე, PACE გადახედავს უფლებამოსილების საკითხს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს მისი ჩამორთმევის საკითხი.
მანამდე, მონიტორინგის კომიტეტმა "ქართული ოცნების" დელეგაციას შეუჩერა არაერი უფლება, მათ შორის, შეუზღუდა კომიტეტებში მონაწილეობა. დელეგაციის წევრებს შეუჩერდათ:
- პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევის, პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტებში სრულფასოვანი ან მონაცვლე წევრობის უფლება;
- საარჩევნო სადამკვირვებლო კომიტეტების წევრობის უფლება; მომხსენებლად დანიშვნის უფლებას;
- ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება;
- ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე ასამბლეის წარმომადგენლობის ან დროებითი წარმომადგენლობის უფლება.
ამასთან, საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებული რეზოლუციის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა.