"7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის გატარება!" - ხაზარაძე

04.04.25 22:27
"7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის გატარება!" - ხაზარაძე

"7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!" - ასე პასუხობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას მოწოდებას.

  • საუბარია კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ქართული ოცნების" ოპონენტებს მოუწოდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება/არ მიღების საკითხზე საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირონ. 

მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხის 7 თვით ადრე წინა პლანზე წამოწევა იმის აღიარებაა, რომ ოპოზიცია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას "ვერ მიაღწევს". 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება! 

  • ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს. 
  • ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.
  • ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო. 

ჩვენი მოთხოვნა იგივეა - ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება! 

ეს არის დღეს მთავარი საკითხი!" - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს, 4 აპრილს, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიების პოზიცია, გეგმავენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არათუ გამჟღავნებულია, არამედ მათი დამოკიდებულება "სიცხადესთან ახლოსაც კი არ არის". ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, მოცემულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირონ, რათა მიმდინარე პროცესებს "სიყალბის ელფერი" აღარ გასდევდეს.