უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ მარტში და აპრილში და არა ოქტომბერ-ნოემბერში - უსუფაშვილი
უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ მარტში და აპრილში და არა ოქტომბერ-ნოემბერში, - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ნიკა მელიას მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
- საუბარია კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ქართული ოცნების" ოპონენტებს მოუწოდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება/არ მიღების საკითხზე საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირონ.
დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციონერმა პარტიებმა "შეხების მთავარი წერტილები" უნდა იპოვნონ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის გადასადგმელი ეფექტური ნაბიჯების ირგვლივ გაერთიანდნენ.
ყველას გვმართებს მზაობა, საარჩევნო ენთუზიაზმი, გამარჯვების რწმენა. თუ ეს ასე არ იქნება, თუ წავა გაუთავებელი თითის გაშვერა იქით-აქეთ, უმნიშვნელო საკითხების გამნიშვნელოვანება და შესაძლოა, ეს მოხდეს ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ხელშეწყობით მოხდეს, მაშინ ივანიშვილი შეეცდება, ყველაზე არახელსაყრელ მომენტში გამოიჭიროს და ა, ბატონო არჩევნები.
ნიკა მელია უსერიოზულესად იყო დაკავებული თემებით, რომელიც მგონია, რომ არ არის სერიოზული. მელია სერიოზული ადამიანია, ეს ხან მე მემართება, ხან მელიას, ხან ინგას, რადგან ზოგჯერ გაგვიტაცებს ხოლმე რაღაც საკითხები ჩვენ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გვგონია. ამ წუთში რაზეა ლაპარაკი, ოქტომბერში და ნოემბერში რას გავაკეთებთ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ მარტში და აპრილში გაერთიანებული ძალებით რას გავაკეთებთ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამაზეა საუბარი.
უნდა ვეძებოთ შეხების წერტილები. გვაერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოპოვების თემა. ისე მოპოვების, რომ მოპოვებულში გამარჯვება გარანტირებული იყოს. ამას სჭირდება, რომ ხელისუფლებამ იმ გარემოს გაუარესება ვერ შეძლოს, რის გამოც დაიწერა თავის დროზე ციფრები." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 4 აპრილს, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიების პოზიცია, გეგმავენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არათუ გამჟღავნებულია, არამედ მათი დამოკიდებულება "სიცხადესთან ახლოსაც კი არ არის". ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, მოცემულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირონ, რათა მიმდინარე პროცესებს "სიყალბის ელფერი" აღარ გასდევდეს.